აზერბაიჯანი: პელოსის „უსამართლო“ განცხადებები ურტყამს სამშვიდობო პროცესს

აზერბაიჯანმა გაკიცხა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, რომელმაც თქვა, რომ სასაზღვრო კონფლიქტი სომხეთთან ბაქომ წამოიწყო.

„პელოსის მიერ აზერბაიჯანის წინააღმდეგ წამოყენებული დაუსაბუთებელი და უსამართლო ბრალდებები მიუღებელია... პელოსი ცნობილია, როგორც პროსომეხი პოლიტიკოსი“, - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს მტკიცებით, პელოსის სიტყვები არის სერიოზული დარტყმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობებზე.

ერევანში ვიზიტით მყოფმა ნენსი პელოსიმ დაგმო „აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიაზე უკანონო და სასიკვდილო თავდასხმები“. მისი თქმით, „ეს დაიწყეს აზერბაიჯანელებმა“ და ვაშინგტონს სურს დაეხმაროს სომხეთს დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის გლობალურ ბრძოლაში.