უკრაინა აცხადებს, რომ რუსული რაკეტა ჩამოვარდა სამხრეთში, ატომური ელექტროსადგურის მახლობლად

ფოტო არქივიდან. ატომური ელექტროსადგური ნიკოლაევის ოლქის ქალაქ იუჟნოუკრაინსკში

რუსეთის სამხედრო ძალებმა იერიში მიიტანეს უკრაინის ნიკოლაევის ოლქის ქალაქ იუჟნოუკრაინსკში მდებარე ატომური ელექტროსადგურის რაიონზე. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომი“ იუწყება.

უკრაინის ატომური ელექტროსადგურების მმართველი კომპანიის ინფორმაციით, შეტევა წუხელ განხორციელდა სადგურის სამრეწველო ზონაში. "ენერგოატომის" თანახმად, რუსული რაკეტა ბირთვული რეაქტორებიდან სამას მეტრში ჩამოვარდა და აფეთქების ტალღამ დააზიანა სადგურის შენობა, სადაც ჩამსხვრეულია 100-ზე მეტი ფანჯარა. სადგურის თანამშრომლებს შორის დაშავებულები არ არიან. "ენერგოატომის" ცნობით, ამჟამად ატომური ელექტროსადგურის სამივე ენერგობლოკი საშტატო რეჟიმით მუშაობს.

უკრაინის სახელმწიფო კომპანია აცხადებს, რომ რუსების ბირთვული ტერორიზმის აქტები მთელ მსოფლიოს ემუქრება და აუცილებელია მათი დაუყოვნებლივ შეჩერება, რათა არ დაუშვან ახალი კატასტროფა.

ასევე ნახეთ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური კვლავ ჩაერთო უკრაინულ ქსელში-IAEA

უკრაინაში 4 მოქმედი ატომური ელექტროსადგურია. რუსეთის სამხედრო ძალები ამჟამად აკონტროლებენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რაიონს. ასევე, ჩერნობილში 1986 წელს მომხდარი ავარიის შემდეგ დახურული ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიას.