ახრა ავიძბა ირწმუნება, რომ არ გაუშვეს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან

ახრა ავიძბა, ბატალიონ „პიატნაშკის“ მეთაური

ბატალიონ „პიატნაშკის“ მეთაური ახრა ავიძბა ირწმუნება, რომ ის რუსეთის მიერ კონტროლირებადი უკრაინის ტერიტორიიდან - ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან - არ გაუშვეს.

ავიძბა ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ მოსკოვში მიდიოდა, თუმცა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „საზღვრის“ გადაკვეთა ვერ შეძლო.

ის დარწმუნებულია, რომ რუსეთის ფედერაციის ეფესბეს მე-5 სამსახურის (ოპერატიული ინფორმაციისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური) მიერ დაწესებული შეზღუდვის ინიციატორი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტი“ ასლან ბჟანიაა, რომელსაც ის „დროებით პრეზიდენტს“ უწოდებს.

„მაინც მივალ აფხაზეთამდე, ტყუილად იქცევით ასე და, ხომ ხედავთ, ტყუილად არ გეშინიათ. დამელოდეთ“, - მიმართვას ავიძბა ბჟანიას.

ახრა ავიძბა 2014 წლიდან მონაწილეობს დონბასში საომარ მოქმედებებში. მას „დნრ“-ის გმირის სტატუსი აქვს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ავიძბა 2021 წლის იანვრის ბოლოდან ძებნილად გამოაცხადა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ახრა ავიძბამ (მეტსახელად "აფხაზი") 2014 წელს დააფუძნა და დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობს უკანონო შეიარაღებულ ფორმირებას, "საერთაშორისო ბრიგადა პიატნაშკას".

ავიძბა ოკუპირებულ აფხაზეთში იმ პოლიტიკური კრიზისის აქტიური მონაწილე იყო, რომელიც „პრეზიდენტ“ რაულ ხაჯინბას გადადგომით დასრულდა. ოპოზიციაში წასვლის ერთ-ერთი მიზეზი 2019 წლის 22 ნოემბერს სოხუმში ახრა ავიძბას ბიძაშვილის, „კანონიერი ქურდის“, ალხაზ (ხასიკ) ავიძბას მკვლელობა გახდა.

2020 წლის ივნისში ავიძბა დაინიშნა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტის“ თანაშემწედ საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში. იმავე წლის 9 ნოემბერს მან განცხადება დაწერა გადადგომის შესახებ და მიზეზად დაასახელა „საერთო საქმისადმი რწმენის დაკარგვა“.

2021 წლის 4 მარტს ავიძბა დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე დააკავეს დონეცკელ მეგობრებთან. მათ ბრალად ედებოდათ პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით იარაღის უკანონო შენახვა-გასაღება. „აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა“ ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავიძბა და მისი დაცვის წევრები "სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას გეგმავდნენ“. თუმცა, ავიძბასთვის ამ მუხლით ბრალი არ წაუყენებიათ. ივნისში მას პირობითი მსჯავრი მიუსაჯეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.