საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ დღეს, 20 სექტემბერს, პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობას ჰკითხა, რას ემსახურება ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს ომში ჩართვის მცდელობების შესახებ მაშინ, როცა საქართველო ევროპაში ინტეგრაციის მცდელობით უნდა იყოს დაკავებული. მანჯგალაძის შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობას ევროპაში ინტეგრაცია არ უნდა და ქვეყნისთვის ისტორიული შანსის გამოყენებას არ ცდილობს.
„ნაცვლად იმისა, რომ ორიენტირებულნი ვიყოთ იმაზე, რომ ევროპა არის მშვიდობის და სტაბილურობის მთავარი გარანტი, კანდიდატის სტატუსი არის ისტორიული შანსი და შესაძლებლობა საქართველოში ყველა დაბადებული თაობისთვის, თქვენ დაკავებული ხართ რეალობის მოდელირებით, რომ მთავარი თემა იყოს, ბაიდენს და შარლ მიშელს უნდათ თუ არა საქართველოში ომის დაწყება და ამაში გამოგყვეთ დისკუსიაში. მე მესმის, რომ ამას მარტივი, პრიმიტიული მიზანი აქვს - თქვენ არ გინდათ ევროპაში ინტეგრაცია, იმიტომ რომ ევროპული დემოკრატია და ოლიგარქია შეუთავსებელია ერთმანეთთან.
მე მაინტერესებს კითხვებზე პასუხი და თუ ნამდვილად დაინტერესებული ხართ ინტეგრაციის პროცესით, რიტორიკა - დასავლეთი ომს გვაძალებს - რას გაძლევთ?
რა დივიდენდის მომტანია ეს საქართველოსთვის? გვეხმარება ინტეგრაციაში?
ყოველ დღე ამერიკის ელჩის ამოჩემება და სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკაზე თავდასხმა, ვის ინტერესს შეიძლება ემსახურებოდეს?
მაშინ რომელ სხვა გზას გვთავაზობთ, თუ ამერიკის და ევროპის გზა ომის და საქართველოს დანგრევის გზაა?
ეს არის პრიმიტიული ნარატივი იმისა, რომ შევქმნათ მოლოდინი, გადაიფაროს მარცხი და ხალხმა ის კი არ თქვას, რომ რა ცუდია ქვეყანა ისტორიულ მარცხამდე რომ მივიდა და თქვენი პასუხისმგებლობა არ დადგეს, არამედ თქვათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ომს აგვაცილა და უნდა ვიზეიმოთ თურმე, კანდიდატის სტატუსის ვერმიღება. ამას გვთავაზობთ? ამაში უნდა გამოგყვეთ? ეს არის გზა?“, - იკითხა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან.