უკრაინაში რუსეთის მიერ კონტროლირებული რეგიონების, ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. საზოგადოებრივი პალატების შემდეგ, ადგილობრივ დე ფაქტო ადმინისტრაციას რუსეთთან შეერთების საკითხზე „რეფერენდუმის“ ჩასატარებლად მიმართა ხერსონის ოლქის ე.წ. საზოგადოებრივმა საბჭომაც. მისი „მიმართვის“ შემდეგ, ხერსონის ოლქის პრორუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ სალდომ ტელეგრამ-არხით გაავრცელა განცხადება, რომ „რეფერენდუმის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიღებულია.
როდის გაიმართება „რეფერენდუმი“, სალდო არ ასახელებს, თუმცა, დარწმუნებულია, რომ „რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ხერსონის ოლქის შესვლა რეგიონს უსაფრთხოს გახდის, შეუქმნის ახალ შესაძლებლობებს მშვიდობიანი ცხოვრების დაბრუნების გზაზე და იქცევა ისტორიული სამართლიანობის ზეიმად".
ასევე ნახეთ
მედვედევი: უკრაინის ტერიტორიების რუსეთთან შეერთებით ისტორიული სამართლიანობა აღდგება19 სექტემბერს დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „საზოგადოებრივმა პალატებმა“ ამ „რესპუბლიკების მეთაურებს“, დენის პუშილინს და ლეონიდ პასეჩნიკს მიმართეს, დაუყოვნებლივ ჩაატარონ „რეფერენდუმები რუსეთის შემადგენლობაში შესასვლელად“. დღეს, 20 სექტემბერს, პუშილინმა განაცხადა, რომ "რეფერენდუმების" გამართვაზე მუშაობა დაიწყეს.
„რეფერენდუმებს“ რუსი პროპაგანდისტების საყვარელი პანაცეა უწოდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა. პოდოლიაკმა ტვიტერზე დაწერა, რომ მათთვის ცუდი ამბავი აქვს, რადგან არსებობს გლობალური კონსენსუსი და საერთაშორისო სამართალი, რომლითაც ცალსახაა - დონეცკი, ლუგანსკი, ყირიმი უკრაინაა. პოდოლიაკის თანახმად, დროშების გადაღებვის ნებისმიერი მცდელობა ფიქციაა, რომელიც უკრაინისა და მისი პარტნიორებისთვის არაფერს შეცვლის.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის რეგიონები „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ გამოაცხადა უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე, 2022 წლის 21 თებერვალს.
ასევე ნახეთ
მოსკოვის მიერ დანიშნული ოფიციალური პირი: ხერსონში გადაიდო რეფერენდუმი რუსეთთან გაერთიანებაზე2022 წლის გაზაფხულზე რუსეთმა კონტროლი დაამყარა უკრაინის ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებსა და ხარკოვის ოლქის ნაწილზეც. უკრაინის არმიამ ხარკოვის ოლქის ოკუპირებული ნაწილი სექტემბერში გაათავისუფლა.
ამ ზაფხულს, ხერსონის და ზაპოროჟიეს პრორუსული დე ფაქტო ადმინისტრაციები აცხადებდნენ, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესასვლელად ე.წ. რეფერენდუმებს სექტემბრისთვის გეგმავდნენ. მათი ჩატარება ხარკოვის ოლქში უკრაინის თავდაცვის ძალების წარმატებული შეტევის შემდეგ გადადეს. ამჟამად უკრაინის არმია რუსი სამხედროების პოზიციებს უტევს როგორც აღმოსავლეთის - დონბასის, ისე, სამხრეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთის - ხერსონის და ზაპოროჟიეს მიმართულებებით.