ირანში ქალის სიკვდილით გამოწვეულ აქციებზე დაიღუპნენ დემონსტრანტები და პოლიციის წარმომადგენელი

საპროტესტო აქცია ირანში

ირანში ოთხი პოლიციელი დაშავდა და "პოლიციის თანაშემწე" დაიღუპა იმ აქციებზე მომხდარი არეულობების შედეგად, რომლებიც მოჰყვა 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილს მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დაკავების შემდეგ.

ერთ-ერთი რეგიონის გუბერნატორმა დაადასტურა, რომ იქ სამი დემონსტრანტი დაიღუპა, ერთ-ერთი უფლებადამცველი ჯგუფი ამბობს, რომ სხვა ადგილას მიმდინარე აქციას დემონსტრანტი ემსხვერპლა.

მაჰსა ამინის სიკვდილს მთელი ირანის მასშტაბით მოჰყვა აქციები. ირანის მორალის პოლიციამ ის 13 სექტემბერს დააპატიმრა თეირანში, სადაც ქალი ქვეყნის დასავლეთით მდებარე, ქურთებით დასახლებული თავისი რეგიონიდან იყო ჩასული. ამინი პოლიციის განყოფილებაში კოლაფსში ჩავარდა და სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა.