ევროკავშირის მინისტრებმა სასწრაფო შეხვედრა დანიშნეს რუსეთისთვის ახალ სანქციებზე სამსჯელოდ

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი ჟოზეპ ბორელი

ევროკავშირის დიპლომატები 21 სექტემბერს, გვიან საღამოს, გაეროს გენერალური ასამბლეის მსვლელობისას გამართავენ საგანგებო შეხვედრას, რომელზეც განიხილავენ პოტენციურ ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, თქვა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა ჟოზეპ ბორელმა პრესკონფერენციაზე.

ბორელის თქმით, ის ნიუ-იორკში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას იწვევს, რათა კოორდინირება გაეწიოს ერთიან პასუხს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის "მიუღებელ" მუქარებზე.

მანამდე, 21 სექტემბერს, პუტინმა გასცა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის ბრძანება და თქვა, რომ მუქარა იმის შესახებ, რომ ის ყველა საშუალებას გამოიყენებს რუსეთის ტერიტორიის დასაცავად, "არ არის ბლეფი". მისი სიტყვები აღქმული იქნა მინიშნებად რუსეთის ბირთვულ არსენალზე.

ბორელის თქმით, ევროპისთვის ატომური იარაღის გამოყენებით დამუქრება "არის რეალური საფრთხე მთელი მსოფლიოსთვის, და საერთაშორისო თანამეგობრობამ რეაგირება უნდა მოახდინოს".

ევროკავშირის მინისტრებმა ეს საფრთხე უნდა განიხილონ, კიდევ ერთხელ უნდა განაცხადონ უკრაინის ურყევი მხარდაჭერის შესახებ და "საერთაშორისო თანამეგობრობას შეატყობინონ ის მიუღებელი სიტუაცია, რომელსაც პუტინი ყველა ჩვენგანს გვიქმნის", - თქვა ბორელმა. ამასთან, მინისტრები იმსჯელებენ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს რუსეთზე ზეწოლა, და სანქციების საკითხიც "ნამდვილად იქნება დღის წესრიგში", - დასძინა მან.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურზულა ფონ დერ ლაიენის თქმით, პუტინის აგრესიული სიტყვები მეტი სანქციის დაწესებას მოითხოვს.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა პუტინის სიტყვები მხოლოდ ხმამაღალ მუქარად მიიჩნია, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი თქვა,რომ არ ფიქრობს, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. "არა მგონია მსოფლიომ მას ამ იარაღის გამოყენების საშუალება მისცეს", - უთხრა ზელენსკიმ გერმანული გაზეთის, Bild-ის სატელევიზიო სადგურს.