ლატვიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, ლიდერობს მმართველი მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია

ლატვიის პრემიერ-მინისტრი კრიშიანის კარინში ბრიუსელში. 2020 წლის ივლისი

ლატვიაში კვირას, 1 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ლიდერთა სამეულში არიან მმართველი „ახალი ერთობა“, „მწვანეთა და გლეხთა კავშირი“ და „გაერთიანებული სია“.

ხმების 90 %-ზე მეტის დათვლის შემდეგ, „ახალმა ერთობამ,“ რომელსაც პრემიერ-მინისტრი კრიშიანის კარინში თავმჯდომარეობს, მხარი დაუჭირა მამომრჩეველთა 18 %-ზე მეტმა. ეს პარტია იყო წამყვანი სეიმის წინა შემადგენლობაშიც, მაგრამ ხმების ამ რაოდენობით მას გაუჭირდება მართვა - საჭირო იქნება კოალიციის შექმნა მათთან ერთად, ვინც 5 %-იანი ზღვარი გადალახა.

ამ დროის მონაცემებით, სეიმში ვერ მოხვდება პარტია „ჰარმონია (რუსულად “თანხმობა“), რომელსაც რუსულენოვანი ამომრჩეველი ჰყავს.

3 ოქტომბერს ლატვიის პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსმა შეხვედრა უნდა გამართოს სეიმში არჩეულ გამარჯვებულ პარტიებთან და უნდა დაასახელოს ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ჩამოაყალიბებს კაბინეტს.

ლატვიის პარლამენტი - სეიმი, ერთპალატიანია და მასში 100 ადგილია. ლატვია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს რუსეთის და ბელარუსის წინააღმდეგ. ქვეყანაში შეწყვეტილია რუსული სახელმწიფო არხების მაუწყებლობა. რიგაში ჩამოხსნეს საბჭოთა ჯარისკაცების 84-მეტრიანი ძეგლი.

ლატვიელები საბჭოთა მმართველობის პერიოდს ოკუპაციად მიიჩნევენ. ლატვიამ რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებს შეუწყვიტა ცხოვრების უფლების მიცემა და აუკრძალა მათ შენგენის ვიზით შესვლა ქვეყანაში, გამონაკლისების გარდა.