ერმიტაჟის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა რუსეთი დატოვა უკრაინაში ომის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად

ერმიტაჟი

ერმიტაჟის თანამედროვე ხელოვნების განყოფილების უფროსმა დმიტრი ოზერკოვმა სამსახურს თავი დაანება და რუსეთი დატოვა. ამის საბაბი გახდა მუზეუმის დირექტორის, მიხაილ პიონტკოვსის ინტერვიუ, რომელშიც მან თქვა, რომ ომი არის „სისხლი და მკვლელობა“, მაგრამ ამავე დროს „ერის თვითდამკვიდრება“.

ოზერკოვმა ერმიტაჟში 22 წელი იმუშავა. მისი სიტყვებით, მან უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გადაწყვიტა, თავი დაენებებინა სამსახურისთვის. საბოლოო გადაწყვეტილება მან პიონტკოვსკის ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ მიიღო. ოზერკოვმა განაცხადა, რომ მარტის დამდეგიდან არ მონაწილეობდა მუზეუმის საქმიანობაში და თავის კოლეგებს გადასცა კოლექციის ნაწილი, რომლისთვისაც იყო პასუხისმგებელი.

ოზერკოვმა თქვა, რომ ასევე დატოვა მის მიერ დაკავებული სხვა თანამდებობებიც, ასევე გავიდა სანქტ-პეტერბურგის კულტურის კომიტეტიდან.

„წავედი, ვინაიდან არ მინდა რამე საერთო მქონდეს დღევანდელ რუსეთთან. 2006 წელს, როცა გენერალური დირექტორის მიერ ჩაფიქრებული და დაწყებული იყო თანამედროვე ხელოვნების განყოფილების შექმნა, ის განიხილებოდა როგორც მუზეუმის ახალი განუყოფელი ნაწილი, რომელსაც უნარი შესწევს, გააცოცხლოს ძველი კოლექცია და მას ახალი ვექტორები და ინტერპრეტაციები მიანიჭოს, კლასიკურ ხელოვნებას მისცეს ახალი საშუალებით ლაპარაკის შესაძლებლობა. ეს იყო ამბიციური და მძლავრი პროექტი, რომელმაც გავლენა მოახდინა იმიჯზე და მუზეუმის სტატუსის ფორმირებას შეუწყო ხელი. ის აგებული იყო დიალოგზე და ურთიერთპატივისცემაზე ენებისა და ქვეყნების, ეროვნებებისა და რელიგიების, ისტორიისა და თანამედროვეობის მიმართ“, - ნათქვამია ოზერკოვის განცხადებაში.

ერმიტაჟის დირექტორმა მიხაილ პიონტკოვსკიმ „როსიისკაია გაზეტასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ დასავლეთი რუსეთს თავს ესხმის კულტურის სფეროში. უცხოეთში ერმიტაჟის უკანასკნელ გამოფენებს მან უწოდა „მძლავრი კულტურული იერიში, ერთგვარი სპეცოპერაცია, რომელიც ბევრს არ მოსწონს, მაგრამ არავის უნდა მიეცეს უფლება, შეაჩეროს ჩვენი იერიში“. უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას პიონტკოვსკიმ აღნიშნა, რომ მხარს უჭერს ფორმულას, „იყო საკუთარ ქვეყანასთან, როგორიც უნდა იყოს ის“. ამავე დროს მან აღნიშნა, რომ რუსეთის კულტურა განუყოფლად არის დაკავშირებული ევროპულთან და „სპეცოპერაცია აქ ვერაფერს შეცვლის“.