ირანული უფლებადამცველი ჯგუფი აცხადებს, რომ ირანში საპროტესტო გამოსვლების დროს 201 ადამიანია დაღუპული

ირანელი ახალგაზრდა ქალების საპროტესტო გამოსვლა თავსაფრის სავალდებულო ტარების წინააღმდეგ. 11 სექტემბერი, 2022 წელი

ირანულმა უფლებადამცველმა ჯგუფმა (IHR) განაცხადა, რომ, სულ მცირე, 201 ადამიანი, მათ შორის 23 ბავშვია მოკლული მთელ ქვეყანაში გამართული საპროტესტო გამოსვლების დროს.

ოსლოში დაფუძნებული ჯგუფი ვარაუდობს, რომ დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, რადგან „სისხლიანი რეპრესიები“ დემონსტრანტების წინააღმდეგ გრძელდება. ირანელები აღაშფოთა 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილმა პოლიციის განყოფილებაში.

ირანის ქურთული პროვინციიდან თეირანში სტუმრად ჩასული ამინი მორალის პოლიციამ დააკავა თავსაფრის არასათანადოდ ტარებისთვის, რის შემდეგაც ის, ჯერ-ჯერობით დამოუკიდებლად დაუდასტურებელი მიზეზით, გარდაიცვალა.

12 ოქტომბერს IHR-მ განაცხადა, რომ ბოლო სამი კვირის განმავლობაში, პოლიციის ოფისში ამინის სიკვდილის შემდეგ გამართული საპროტესტო გამოსვლების დროს მოკლეს 108 ადამიანი, ხოლო, სულ მცირე, 93 პირი დაიღუპა ცალკეულ შეტაკებებში სისთან-ბალუჩისტანის პროვინციის ქალაქ ზაჰედანში, პოლიციის უფროსის მიერ მოზარდი გოგონას გაუპატიურების შესახებ ცნობის გავრცელების შემდეგ.

ამ 108 დაღუპულიდან ბევრი არის ქურთული პროვინციიდან, ირანის დასავლეთ რეგიონიდან, საიდან ამინი იყო, აცხადებს IHR-ი. ჯგუფის დირექტორის, მაჰმუდ ამირი-მოჰადანის თქმით: „საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა აღკვეთოს შემდგომი ხოცვა ქურთისტანში და დაუყოვნებლივ სათანადო პასუხი გასცეს“ მომხდარ მოვლენებს.