რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის ჯარების მიერ დაბომბვის დროს მიღებული დაზიანებების შედეგად, ამერიკელი ვეტერანი, ყოფილი ქვეითი აიდაჰოდან დეინ პარტრიჯი დაიღუპა. გაზეთ Washington Post-ის ცნობით,
34 წლის პარტრიჯი, რომელიც 2007-2009 წლებში ერაყში მსახურობდა, 3 ოქტომბერს ლუგანსკის რაიონის სევეროდონეცკის მახლობლად სატანკო ცეცხლის ქვეშ მოექცა. ამერიკელი მოხალისე კისრის არეში მძიმედ დაიჭრა და სამხედრო ექიმები მის გადასარჩენად ზაპოროჟიეს საავადმყოფოში ერთი კვირის განმავლობაში იბრძოდნენ.
დეინ პარტრიჯი 11 ოქტომბერს გარდაიცვალა. უკრაინაში ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის სიკვდილის შესახებ, როგორც გამოცემა განმარტავს, იმავე დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა გამოაცხადა, მაგრამ მისი ვინაობა არ დაუსახელებია.
აიდაჰოში დეინ პარტრიჯს ცოლი და ხუთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
დეინ პარტრიჯი არის უცხოურ ლეგიონში მებრძოლი მეხუთე ამერიკელი მოხალისე, რომლის დაღუპვაც ოფიციალურად დადასტურდა. მანამდე უკრაინის დაცვას აშშ-ს კიდევ ოთხი მოქალაქე შეეწირა: ბრაიან იანგი და ლუკ ლიუციშინი ივლისში დაიღუპნენ, სტივენ ზაბელსკი – მაისში და ვილი კანსელი – აპრილში.