13-მდე გაიზარდა რუსეთის ქალაქ ეისკში ბომბდამშენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

რუსეთის ქალაქ ეისკში სამხედრო თვითმფრინავის, სუ-34-ის ჩამოვარდნის გამო საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი. 2022 წლის 17 ოქტომბერი

დღეს დილის მონაცემებით, 13 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი დაიღუპა რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ეისკში, რომლის ერთ-ერთ საცხოვრებელ რაიონში გასულ საღამოს ჩამოვარდა რუსული სამხედრო თვითმფრინავი სუ-34. ოფიციალურ ინფორმაციას მსხვერპლის შესახებ, კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ ავრცელებს რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით.

სამინისტროს ცნობით, ნანგრევებისგან ტერიტორიის გაწმენდა დასრულდა და ნაპოვნია 10 ცხედარი. გასულ ღამით ოფიციალურად დადასტურებული იყო 3 ადამიანის სიკვდილი. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, დაშავებულია 19 ადამიანი, 68 მაშველებმა გადაარჩინეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აფრენის შემდეგ, ბომბდამშენის ერთ-ერთ ძრავს ცეცხლი გაუჩნდა და თვითმფრინავის ვარდნისას დაღვრილი, აალებული საწვავი მოედო 9-სართულიან საცხოვრებელ სახლს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პილოტებმა კატაპულტირება შეძლეს.

რუსეთის ქალაქი ეისკი უკრაინის ნახევარკუნძულის, ანექსირებული ყირიმის მახლობლად მდებარეობს.