როგორ არ დასცალდა სტალინს III მსოფლიო ომი

70 წლის წინ, 1952 წლის ოქტომბერში, 13-წლიანი წყვეტის შემდეგ, მოსკოვში გაიმართა კომუნისტური პარტიის მორიგი, XIX ყრილობა, რომელიც უკანასკნელი აღმოჩნდა სტალინისთვის.

ყრილობის ბოლო დღეს, 14 ოქტომბერს, გვარიანად მობერებული ბელადი დელეგატების წინაშე წარდგა. მოკლე გამოსვლაში სტალინმა ძირითადად მოძმე კომუნისტური პარტიების წარმომადგენლებს მიმართა და მადლობა გადაუხადა მათ მხარდაჭერისათვის, რომელიც, მისი თქმით, ძალიან სჭირდება საბჭოთა ხალხსა და პარტიას. სტალინის ეს, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო გამოსვლა, სინამდვილეში პირდაპირ ეხმიანებოდა ყრილობის დღეებში დაბეჭდილ მისსავე ნაშრომს „სოციალიზმის ეკონომიკური პრობლემები სსრკ-ში“, რომელშიც ფაქტობრივად მესამე მსოფლიო ომის კონტურები იყო მოხაზული.

იმის გათვალისწინებით, რომ 1939 წლის მარტში გამართულ XVIII ყრილობას მალევე მოჰყვა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი და მეორე მსოფლიო ომის პროვოცირება, არავინ იცის, რა მოხდებოდა XIX ყრილობის შემდეგ, რომ არა სტალინის მოულოდნელი გარდაცვალება.

"აი, პროგრამა ბედნიერების!“

1952 წლის 5 ოქტომბერს გამოსული გაზეთი „კომუნისტი“ მკითხველს აუწყებდა, რომ "ჩვენს ​დიად სამშობლოს დედაქალაქ მოსკოვში" მუშაობა დაიწყო ლენინ-სტალინის პარტიის XIX ყრილობამ.

"გაუმარჯოს ყველა ჩვენი გამარჯვების სულისჩამდგმელსა და ორგანიზატორს - საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიას! დიდება ხალხთა დიდ ბელადსა და ბრძენ მასწავლებელს - მშობლიურ სტალინს!“ - წერდა გაზეთი.

სკპ (ბ) XIX ყრილობის გახსნა. გაზეთი "კომუნისტი", 1952 წ. 5 ოქტომბერი

ქართველი კომუნისტების გაზეთის ამავე ნომერში დაიბეჭდა პოეტ იოსებ ნონეშვილი ლექსი „აი, პროგრამა ბედნიერების!“:

"აი, პროგრამა მზისკენ ნახტომის,
პროგრამა ჩვენი ხალხის წინსვლისა,
უფრო ძლიერი, ვიდრე ატომი,
მშვიდობის ხიდი კომუნიზმისა
ამხანაგებო,
ვისაც გერგებათ
კრემლის მაღალი კარის შეღება,
როცა გუგუნი დარბაზს შეარხევს
და მზე თქვენს თვალწინ ამობრწყინდება,
მილიონებთან ერთად შესძახეთ:
სტალინს სიცოცხლე!
სტალინს დიდება!"

ყრილობის დელეგატები და სტუმრები უკვე იცნობდნენ, პოეტს რომ დავესესხოთ, „ბედნიერების პროგრამას“, რადგან უშუალოდ ყრილობის წინ გამოიცა სტალინის ბროშურა „სოციალიზმის ეკონომიკური პრობლემები სსრკ-ში“, რომელიც სტატიებად დაიბეჭდა „პრავდასა“ და სხვა გაზეთებშიც, შესაბამისად, მისი შინაარსი ყველა, 1259-მა დელეგატმა იცოდა, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ 40-გვერდიანი ბროშურის სათაური ოდნავაც ვერ ასახავდა ტექსტის შინაარსსა და სულისკვეთებას.

„სოციალიზმის ეკონომიკური პრობლემები სსრკ-ში“ - ეს სათაური მკითხველის ფანტაზიას მოსაბეზრებელი ეკონომიკური გათვლებისა და სტატისტიკური მონაცემების ანალიზისკენ უბიძგებდა, სინამდვილეში კი ამ ნაშრომით მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული ქვეყნის დიქტატორი ასკვნიდა, რომ საბჭოთა კავშირში სოციალიზმის მთავარი ეკონომიკური პრობლემა ბურჟუაზიული გარემო იყო და, რომ, საერთოდაც, მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად კაპიტალისტური ქვეყნები (იმპერიალიზმი) უნდა განადგურებულიყვნენ.

"იმპერიალიზმი უნდა განადგურდეს"

ი. სტალინი. „სოციალიზმის ეკონომიკური პრობლემები სსრკ-ში“, თავი VI. კაპიტალისტურ ქვეყნებს შორის ომების გარდაუვალობის საკითხი:
„ ამბობენ, რომ ლენინის თეზისი იმის შესახებ, რომ იმპერიალიზმი აუცილებლად იწვევს ომებს, უნდა ჩაითვალოს მოძველებულად, რადგან ამ დროისთვის გაიზარდა მძლავრი სახალხო ძალები, რომლებიც მხარს უჭერენ მშვიდობას და მოქმედებენ ახალი მსოფლიო ომის წინააღმდეგ, - ეს არ შეესაბამება სიმართლეს.
მშვიდობისთვის თანამედროვე მოძრაობის მიზანია ხალხის მასების დარაზმვა მშვიდობის შესანარჩუნებლად, ახალი მსოფლიო ომის თავიდან ასაცილებლად. შესაბამისად, მისი მიზანი არაა კაპიტალიზმის დამხობა და სოციალიზმის დამკვიდრება, - ის შემოიფარგლება მშვიდობის შენარჩუნებისთვის ბრძოლის დემოკრატიული მიზნებით. ამ მხრივ, მშვიდობის შენარჩუნების თანამედროვე მოძრაობა განსხვავდება პირველი მსოფლიო ომის დროს იმპერიალისტური ომის სამოქალაქო ომად გადაქცევის მოძრაობისგან, რადგან ეს უკანასკნელი უფრო შორს მიდიოდა და სოციალისტური მიზნეით ხელმძღვანელობდა.
შესაძლოა, გარემოებათა გარკვეული თანხვედრისას, მშვიდობისთვის ბრძოლა აქა-იქ გადაიზარდოს სოციალიზმისთვის ბრძოლაში, მაგრამ ეს აღარ იქნება თანამედროვე მოძრაობა მშვიდობისთვის, არამედ იქნება მოძრაობა კაპიტალიზმის დასამხობად.
სავარაუდოდ, თანამედროვე სამშვიდობო მოძრაობა (როგორც მოძრაობა მშვიდობის შენარჩუნებისათვის), წარმატების შემთხვევაში, გამოიწვევს ამ ომის თავიდან აცილებას, მის დროებით გადადებას, მშვიდობის დროებით შენარჩუნებას, ომის მხარდამჭერი მთავრობის გადადგომას და მის შეცვლა სხვა მთავრობით, რომელიც მზად იქნება დროებით შეინარჩუნოს მშვიდობა. ეს, რა თქმა უნდა, კარგია. Ძალიან კარგია, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი იმისათვის, რომ აღმოფხვრას ზოგადად კაპიტალისტურ ქვეყნებს შორის ომები. ეს საკმარისი არ არის, რადგან სამშვიდობო მოძრაობის ყველა ამ წარმატების მიუხედავად, იმპერიალიზმი მაინც გადარჩება და, შესაბამისად, ომების გარდაუვალობაც ძალაში იქნება.
ომების გარდაუვალობის აღმოსაფხვრელად იმპერიალიზმი უნდა განადგურდეს“.

სტალინის ნაშრომი შეიცავდა როგორც სოციალიზმიდან კომუნიზმზე გადასვლის ერთგვარ გეგმას, ასევე აშკარა მოწოდებას, გაენადგურებინათ იმპერიალიზმი მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად.

გუთანში დაღუპული ქალის შესახებ

ყრილობის მონაწილეებს ალბათ ასევე ახსოვდათ თავიანთი ბელადის სიტყვები, რომელიც გამოქვეყნდა „პრავდის“ 1938 წლის 14 თებერვლის ნომერში, სადაც ახსნილი იყო ერთ ცალკე აღებულ ქვეყანაში ყველაზე სამართლიანი სისტემის მშენელობის მიზნები: „...სოციალიზმის საბოლოო გამარჯვება ბურჟუაზიული ურთიერთობების აღდგენის სრული გარანტიის გამორიცხვით შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო მასშტაბით“.

ი. სტალინი XIX ყრილობაზე

როგორც სტალინიზმის მკვლევარი ალექსანდრ გოგუნი წერს, სტალინის ბროშურამ ბევრ საბჭოთა მკითხველს გაუცრუა იმედი, რადგან სათაურის გამო ივარაუდეს, რომ ნაშრომი სულ სხვა რამეზე, მათთვის საჭირბოროტო საკითხზე იყო დაწერილი. საბჭოთა კავშირის მოსახლეობის დიდი ნაწილი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა, ფაქტობრივად შიმშილობდა. მწერალმა ოლგა ბერგოლცმა თავის დღიურში ასახა ნოვგოროდის ოლქის კრესტეცკის რაიონის სოფელ სტაროე რახინოს მკვიდრთა უბადრუკი მდგომარეობა:

  • 1949 წ. 20 მაისი: „ქალები ხელითა და თოხებით ამუშავებენ მიწას ხორბლისათვის (...) ერთმა თქვა - „რა თქმა უნდა, რომ არა ახალი ომისთვის მზადება, ჩვენ ფეხზე დავდგებოდით, მაგრამ მთელი ძალები იქით არის გადასროლილი"... და მართლაც, ფაქტობრივად, ყველა ტრაქტორის ქარხანა გავეშებით აგრძელებს ტანკების წარმოებას. (...) გუშინ ვესაუბრე კოლმეურნეობის თავმჯდომარეს - კაჩალოვს. ( ...) გულზე ვიწუწუნე - ყველას აქვს ნევროზი, ნევრასთენია, ყველა ძალიან ცოტას და ცუდად ჭამს“.
  • 1949 წ. 23 მაისი: „მოთხრობა გუთანში დაღუპული ქალის შესახებ. "ულამაზოდ გამოვიდა". ცხენები. გუშინ ბევრი ქალი, 4-6 ადამიანი, გუთანში შეება, თავიანთი ბაღების მოსახნავად... “.

ამ ჩანაწერების ავტორი სულაც არ ედგა კრიჭაში მაშინდელ რეჟიმს. უფრო პირიქით, 1951 წელს სტალინური პრემიაც კი ჰქონდა მიღებული. III მსოფლიო ომისათვის მზადება ძალაუნებურად იწვევდა ყველა რესურსის მძიმე მრეწველობისკენ მიმართვას, რაც აისახა კიდეც XIX ყრილობის მიერ დამტკიცებულ ხუთწლედის გეგმაში:

„სამრეწველო წარმოების შემდგომი ზრდის გეგმის შესაბამისად, 1951-1955 წლებში მრეწველობაში სახელმწიფო კაპიტალის ინვესტიციების მოცულობა გაიზარდოს დაახლოებით 2-ჯერ 1946-1950 წლებთან შედარებით“.

ცხადია, იზრდებოდა არა მოხმარების საშუალებების, არამედ განადგურების საშუალებების წარმოება.

"ისინი ციებ-ცხელებიანებივით ამზადებენ ომს სსრკ-ს წინააღმდეგ"

ყრილობა გახსნა მოლოტოვმა, სახელმწიფოს ყოფილმა მეორე პირმა, რომლის ხელმოწერილმა დოკუმენტმა (ე.წ. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტმა) კარი გაუღო მეორე მსოფლიო ომს. სსრკ-ის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ამჯერადაც მორიგი ომის საფრთხეზე ილაპარაკა:

„ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვავიწყდება, რომ საბჭოთა კავშირი ცხოვრობს სახელმწიფოთა სისტემაში, რომ არსებობს იმპერიალისტური ბანაკი, რომელსაც აქვს დაპყრობის ავანტიურისტული გეგმები და, რომელიც უფრო და უფრო იარაღდება, ყოველმხრივ ამწვავებს ომის ისტერიას და ემზადება ახალი მსოფლიო ომის დასაწყებად. ამ აგრესიულ, ანტიდემოკრატიულ ბანაკს ხელმძღვანელობენ ამერიკის შეერთებული შტატების რეაქციული მმართველი წრეები, რომლებიც ახორციელებენ კაპიტალისტური მონოპოლიების ნებას. ცდილობენ ძალის გამოყენებით დაამყარონ თავიანთი ბატონობა მსოფლიოზე“.

ვიაჩესლავ მოლოტოვი და იოახიმ ფონ რიბენტროპი

ლავრენტი ბერიამ „ამერიკის ხელისუფლება“ საერთოდაც „ფაშისტურ რეჟიმს“ შეადარა:

„მათ სურთ დაამყარონ თავიანთი განუყოფელი ბატონობა მსოფლიოს ყველა კუთხეში, რათა ხალხის ძარცვითა და დამონებით უზრუნველყონ ზემაღალი მოგების მიღება ამისათვის სჭირდებათ ომი. იმედი აქვთ, რომ ქვეყნის ომის გზაზე დაყენებითა და გამალებული შეიარაღებით, თავიდან აიცილებენ ეკონომიკურ კრიზისს, მაგრამ ეს კრიზისი გარდაუვალად უახლოვდება აშშ-ის ეკონომიკას და ფინანსური მაგნატების ვერცერთი ხრიკი და ავანტურა ვერ ააცილებს მას... აშენებენ სამხედრო ბაზების ქსელს მთელ მსოფლიოში, ინტენსიურად ქმნიან ყველა სახის აგრესიულ სამხედრო ბლოკებს, ისინი ციებ-ცხელებიანებივით ამზადებენ ომს სსრკ-ს და სხვა მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოების წინააღმდეგ თუ მტერი გაბედავს ჩვენს წინააღმდეგ ომს, მაშინ საბჭოთა კავშირი, რომელიც დგას მშვიდობისა და დემოკრატიის ბანაკის სათავეში, შეძლებს გამანადგურებელი პასუხი გასცეს აგრესიული იმპერიალისტური სახელმწიფოების ნებისმიერ დაჯგუფებას, შეძლებს გაანადგუროს და დასაჯოს თავხედი აგრესორები და ომის გამჩაღებლები“.

საგარეო პოლიტიკით, კომუნიზმის გარდაუვალი გავრცელებითა და მოუთოკავი მილიტარიზმით იყო გაჟღენთილი თითქმის ყველა გამომსვლელის, მათ შორის, გვიანი სსრკ-ის მომავალი ლიდერების - ბრეჟნევის, სუსლოვის, კოსიგინის სიტყვები.

ყრილობის ბოლო მომხსენებელი თვითონ სტალინი იყო, რომელმაც მეგობარი კომუნისტური პარტიების ლიდერები გაამხნევა და მათ ქვეყნებში კომუნისტების გამარჯვების პერსპექტივაზე ილაპარაკა. სტალინმა ხაზი გაუსვა იტალიისა და საფრანგეთის კომუნისტური პარტიების ლიდერთა სიტყვებს, რომ „მათი ხალხები არ იომებენ საბჭოთა ხალხების წინააღმდეგ“. სტალინის გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ბურჟუაზიის კრიტიკას (ცვლილებას უარესობისაკენ) და უცხოელი კომუნისტი-ამხანაგების დარიგებას:

„ბურჟუაზია - განმათავისუფლებელი მოძრაობის მთავარი მტერი - შეიცვალა სერიოზულად, გახდა უფრო რეაქციული, მან დაკარგა კავშირი ხალხთან და ამით დაასუსტა საკუთარი თავი. ამ გარემოებამ ხელი უნდა შეუწყოს რევოლუციური და დემოკრატიული პარტიების მუშაობას. ადრე ბურჟუაზია თავს უფლებას აძლევდა ყოფილიყო ლიბერალური, იცავდა ბურჟუაზიულ-დემოკრატიულ თავისუფლებებს და ამით იქმნიდა პოპულარობას ხალხში. ახლა ლიბერალიზმის კვალი აღარსად დარჩა. აღარ არსებობს ეგრეთ წოდებული „პიროვნების თავისუფლება“ - ინდივიდუალური უფლებები ახლა მხოლოდ მათთვისაა აღიარებული, ვისაც აქვს კაპიტალი, ხოლო ყველა სხვა მოქალაქე ითვლება ნედლეულად, რომელიც მხოლოდ ექსპლუატაციისთვისაა ვარგისი. ფეხქვეშ გაითელა ადამიანებისა და ერების თანაბარი უფლებების პრინციპი, იგი შეიცვალა ექსპლუატატორი უმცირესობის სრული უფლებების და ექსპლუატირებული უმრავლესობის უუფლებობის პრინციპით. ბურჟუაზიულ-დემოკრატიული თავისუფლებების დროშა წყალშია გადაგდებული. ვფიქრობ, რომ თქვენ, კომუნისტური და დემოკრატიული პარტიების წარმომადგენლებს, მოგიწევთ ამ დროშის აწევა და მისი წინ წაღება. სხვა არავინაა ამის გამკეთებელი“.

XIX ყრილობაზე წარმოთქმული სტალინის სიტყვა გაზეთ "კომუნისტის" 15 ოქტომბრის ნომერში

ამ დროს, როცა სტალინი სიტყვას წარმოთქვამდა, საბჭოთა კავშირს ანექსირებული ჰქონდა ბალტიის ქვეყნები, ფინეთის ტერიტორიის ნაწილი და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იძულებით გაწითლებული ჰყავდა აღმოსავლეთი ევროპის არაერთი ქვეყანა, აქტიურად იყო ჩართული კორეის ომში და სხვ.

XIX ყრილობის შემდეგ, საბჭოთა ეკონომიკის წინაშე არსებული პრობლემების მიუხედავად, წარმოუდგენელ მასშტაბს მიაღწია სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისათვის გამოყოფილმა ხარჯებმა. ომისთვის სტალინის სამზადისს უკავშირებენ იდეას 10 ათასი რეაქტიული ბომბდამშენის გამოშვების შესახებ, რომლის შესაბამისი დადგენილება სსრკ-ის მინისტრთა საბჭომ 1953 წლის 9 თებერვალს მიიღო.

ი. სტალინის გამოსვლა სკპ(ბ) XIX ყრილობაზე

ომი გადაიდო

„მახსოვს 1952 წლის ის შორეული დღე, როცა საჰაერო ძალების მთავარსარდალმა მარშალმა ჟიგარევმა სასწრაფო თათბირი მოიწვია და განაცხადა, რომ ახლახან მიიღო ბრძანება ამხანაგ სტალინისაგან, დაეწყო რეაქტიული ბომბდამშენების ასი დივიზიის ფორმირება, - წერს თავის მოგონებებში საბჭოთა გენერალი ნიკოლაი ოსტროუმოვი, - ოპერატიულმა გამოთვლებმა აჩვენა, რომ ომის შემთხვევაში სსრკ-ს სჭირდება 60-მდე საავიაციო ბომბდამშენი დივიზია უკვე არსებულების ჩათვლით. ახლა კი მთელი ასი! თვითმფრინავების მშენებლობის გარდა, ტიტანური სამუშაო იყო ჩასატარებელი სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაქმნელად. უმოკლეს დროში საჭირო იყო არა მხოლოდ მყარი საგანმანათლებლო და მატერიალური ბაზის შექმნა, არამედ მინიმუმ 10 ათასი მფრინავის, ამდენივე შტურმანისა და მსროლელ-რადიოოპერატორის მომზადება, რომ აღარაფერი ვთქვათ საინჟინრო და ტექნიკური პერსონალის მთელ არმიაზე“.

ალექსანდრ გოგუნი - ისტორიკოსი, მწერალი

III მსოფლიო ომისათვის გამალებული სამზადისი შეაფერხა ბელადის სიკვდილმა. სტალინის გარდაცვალებიდან არასრულ სამ კვირაში, 1953 წლის 21 მარტს, ლავრენტი ბერიამ წერილი გაუგზავნა სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს პრეზიდიუმს მიმდინარე წლის სამშენებლო პროგრამის შეცვლის შესახებ, რომელსაც დაურთო მინისტრთა საბჭოს შესაბამისი დადგენილების დასრულებული პროექტი. დოკუმენტები შეიცავდა სამხედრო მნიშვნელობის ობიექტების ჩამონათვალს - რკინიგზასა და გზებს, არხებს, ქიმიურ და გემთმშენებელ ქარხნებს და ა.შ. - რომელთა მშენებლობა მალევე შეჩერდა. ჩაიშალა საჰაერო და საზღვაო ძალების გაზრდის გეგმებიც. ომი გადაიდო. როგორც ისტორიკოსი ალექსანდრ გოგუნი ამბობს, დესტალინიზაციამ მოიტანა მნიშვნელოვანი დემილიტარიზაცია, ყაზარმული სოციალიზმიც წარსულს ჩაბარდა.