უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი ამბობს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მდგომარეობა უცვლელია

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი ჰერმან ჰალუშჩენკო. ოქტომბერი, 2022 წელი

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვერ ხედავს პროგრესის ვერანაირ ნიშნებს რუსეთის, უკრაინისა და გაეროს ბირთვული დამკვირვებლის მონაწილეობით ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში არსებული ვითარების მოსაგვარებლად შეთანხმების მიღწევის საქმეში. "ამ ეტაპზე - ვერა", - უთხრა Reuters-ს ჰერმან ჰალუშჩენკომ 21 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში.

რუსეთის ჯარებმა ევროპის უდიდესი ბირთვული ელექტროსადგური თებერვლის ბოლოს, უკრაინაში მოსკოვის შეჭრის შემდეგ დაიკავეს. ელექტროსადგურს კვლავაც უკრაინული პერსონალი მართავს, მაგრამ იქ არსებული ვითარება საერთაშორისო შეშფოთებას იწვევს, რადგან არსებობს საშიშროება, რომ სადგურის სიახლოვეს განმეორებითმა დაბომბვამ შესაძლოა, ბირთვული ავარია გამოიწვიოს.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, რომელსაც დამკვირვებლები ჰყავს ზაპოროჟიეში, ცდილობს დამცავი ზონა შექმნას ელექტროსადგურის გარშემო. ჰალუშჩენკომ განაცხადა, რომ, მისი აზრით, შეუძლებელი იქნება რუსეთთან შეთანხმების მიღწევა. კითხვაზე, უკრაინელი პერსონალისთვის რა ეტაპზე გახდება ძალიან საშიში სადგურზე მუშაობის გაგრძელება, მან თქვა: "ეს ეტაპი არის ბირთვული ავარია". ასეთი ევაკუაცია შეიძლება მოხდეს "ნამდვილ კატასტროფამდე [მხოლოდ] რამდენიმე საათით ადრე", რადგან რუსეთს არ შეუძლია ელექტროსადგურის ათასობით უკრაინელი თანამშრომლის ჩანაცვლება, - აცხადებს ჰალუშჩენკო.