რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.სახელმწიფო საბაჟო კომიტეტმა ბიჭვინთის მაღაზიიდან „ხაშის“ კონსერვები ამოიღო (38 ერთეული). საუბარია პროდუქციაზე, რომლის ეტიკეტზეც გამოსახული იყო საქართველოს დროშა და რუკა, რომლის მიხედვითაც აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაშია. სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ხაშის“ კონსერვი დამზადებულია არა საქართველოში, არამედ სტავროპოლის მხარეში, ნოვოალექსანდროვოს ხორცკომბინატში.
ე.წ. საბაჟო კომიტეტი ირწმუნება, რომ პროდუქცია „აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი საბაჟო კანონმდებლობის დარღვევით“ შეიტანეს, თუმცა განმარტებული არ არის, რომელი ნორმების დარღვევა იგულისხმება.
მაღაზია ე.წ. საბაჟო პუნქტ „ფსოუს“ კონტრაბანდისა და საბაჟო სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეამოწმეს. ე.წ სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ინფორმაციით, ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალები გადაეცათ საგამოძიებო ორგანოებს და ე.წ. საბაჟო დეპარტამენტის საგამოძიებო დეპარტამენტს.
გუშინ, 24 ოქტომბერს, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოხუმისა და რაიონულ პროკურატურებს პროდუქციის შეტანისა და რეალიზაციის კანონიერების შემოწმება დაავალეს. კონსერვის გარდა, საუბარია ქართულ ღვინოებზე, ასევე მე-7 კლასის გეოგრაფიის ატლასზე, რომლის გარეკანზეც საქართველოს დროშაა გამოსახული.