პუტინთან საუბარში პრიგოჟინმა უკრაინაში რუსეთის არმიის მოქმედება გააკრიტიკა - WP

ვლადიმირ პუტინი და ევგენი პრიგოჟინი

პეტერბურგელმა ბიზნესმენმა, ევგენი პრიგოჟინმა, რომელსაც კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" შემქმნელს უწოდებენ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირად საუბარში გააკრიტიკა რუსეთის არმიის მოქმედება უკრაინასთან ომში. ამის შესახებ გაზეთი "ვაშინგტონ პოსტი" ანონიმურ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება.

ოქტომბრის დასაწყისში გაზეთი ამერიკის დაზვერვის მიერ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის მომზადებულ მოხსენებაზე დაყრდნობით წერდა, რომ პუტინის ახლო გარემოცვის წარმომადგენელმა რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კამპანიის შეცდომებზე მიუთითა. სავარაუდო ანონიმი თანამოსაუბრე პრეზიდენტთან პირდაპირ დავაში შევიდა და სახელმწიფოს მეთაურს გაუზიარა თავისი შეშფოთება სამხედრო კამპანიის ორგანიზებასთან დაკავშირებული პრობლემების, არაეფექტური მართვისა და სამხედრო ლიდერების მიერ დაშვებული შეცდომების თაობაზე.

ასევე ნახეთ

პრიგოჟინი პეტერბურგის გუბერნატორს ადანაშაულებს უკრაინის არმიის მხარდაჭერაში

ახლა გაზეთი წერს, რომ ეს კაცი სწორედ ევგენი პრიგოჟინი იყო. ამტკიცებენ, რომ სამხედრო კომპანია "ვაგნერის" მონაწილეობამ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში ბიზნესმენს საშუალება მისცა, მოხვედრილიყო რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვაში და სხვებთან ერთად ღიად აკრიტიკებს რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს, რომელთანაც პუტინი 2000-იანი წლების დასაწყისიდან მუშაობს.

სოციალურ ქსელ "ვ კონტაქტეში" კომპანია "ვაგნერის" გვერდზე გამოქვეყნებულია პრიგოჟინის პასუხი გაზეთისადმი, რომელშიც ბიზნესმენი უარყოფს პუტინთან საუბარს და ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობის კრიტიკას. მანამდე კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო დაზვერვის ცნობა პუტინის ახლო გარემოცვის წევრის მიერ პრეზიდენტის კრიტიკაზე, არ შეესაბამება სინამდვილეს.