უკრაინული წყაროების თანახმად, ლუგანსკის ოლქში, სვატოვო-კრემენაიას მნიშვნელოვან ავტომაგისტრალს უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ. ამის შესახებ წერს გამოცემა „სუსპილნე ნოვინი“, უკრაინული არმიის აღმოსავლეთ დაჯგუფების სპიკერის, სერგეი ჩერევატის განცხადებაზე დაყრდნობით.
„ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ავტომაგისტრალი სრული საცეცხლე კონტროლის ქვეშ მოაქციეს და ადგილზე მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები, რის შესახებაც მოგვიანებით გამოცხადდება“, - აღნიშნავს ჩერევატი.
სვატოვო-კრემენაიას ავტომაგისტრალზე საცეცხლე კონტროლის დამყარება, "უნიანის" თანახმად, ასევე დაადასტურა ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის უფროსმა, სერგეი გაიდაიმ. „ცუდი ამინდის მიუხედავად, როცა რამდენიმე დღეა წვიმს, მაინც გვაქვს წინსვლა. მცირედი, მაგრამ არის წინსვლა“, - დეტალების დაუკონკრეტებლად ამბობს გაიდაი, "უნიანის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კეთდება მინიშნება გარკვეული დასახლებების დეოკუპაციის შესახებაც. „უკრაინსკაია პრავდა“ გაიდაის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ „მომავალ კვირაში სამხედროებს უკვე ექნებათ უფლება, გაავრცელონ გარკვეული ფოტო- და ვიდეომასალები „ლუგანსკის ოლქის დეოკუპირებული რაიონებიდან“.
მანამდე, ექსპერტები აცხადებდნენ, რომ ფრონტის ეს მონაკვეთი პრიორიტეტული იქნებოდა რუსეთის არმიისთვის, რადგან ისინი გრძნობენ კრემენაიას ალყაში მოქცევის საფრთხეს.
„უნიანის“ თანახმად, მხარეები ადასტურებენ საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობას ბელოგოროვკაში, რაც მიუთითებს შეტევით ოპერაციაზე კრემენაიას სამხრეთით.
მანამდე, უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამმართველომ გამოაქვეყნა განცხადება 23 ოქტომბერს დასახლება ნევსკოეს გათავისუფლების შესახებ. ნევსკოე კრემენაიას ჩრდილო-დასავლეთით, 30 კილომეტრის მანძილზე მდებარებს. ეს ინფორმცია სამხედრო ბლოგერებმა 25 ოქტომბერს დაადასტურეს.