დღეიდან, 1 ნოემბრიდან, რუსეთის არმიაში საშემოდგომო გაწვევა დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტის ხელმოწერილი შესაბამისი განკარგულება 30 ოქტომბერს გამოქვეყნდა. არმიაში 120 ათასი წვევამდელის გაწვევაა დაგეგმილი, მობილიზაციის დასრულებიდან მალევე, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებული იყო 300 ათასი ადამიანის გაწვევა.
რუსეთის გენშტაბის თანახმად, ახალწვეულებს უკრაინის ოთხ ანექსირებულ რეგიონში არ გაუშვებენ. სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულება წვევამდელების გაგზავნას კონფლიქტის ზონაში გაწვევიდან მხოლოდ ოთხი თვის შემდეგ ითვალისწინებს.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) შეფასებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მოსახლეობის მოტყუებას ცდილობს, როცა არწმუნებს, რომ ჯარში ამ შემოდგომაზე გაწვეულებს უკრაინაში საომრად არ გაგზავნიან.
ასევე ნახეთ
ISW: რუსეთის განცხადება, რომ ჯარში საშემოდგომოდ გაწვეულებს უკრაინაში არ გაგზავნიან, ტყუილიაამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, რუსეთი ამ გზით ცდილობს გეგმური საშემოდგომო გაწვევისთვის თავის არიდების აღკვეთას. ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ვარაუდობს, რომ რუსულ ჯარში ამ შემოდგომაზე გაწვეულებს უკრაინაში გაგზავნიან მომავალი წლის მარტში ან აპრილში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 31 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ დასრულებულია "ნაწილობრივი მობილიზაციის" ფარგლებში მიმდინარე გაწვევის პროცესი. ამასთან, პრეზიდენტ პუტინს ჯერჯერობით ოფიციალურად არ გამოუცია დოკუმენტი მის მიერ 21 სექტემბრიდან გამოცხადებული "ნაწილობრივი მობილიზაციის" დასრულების შესახებ.
უკრაინასთან საომრად მობილიზაციისთვის თავის ასარიდებლად რუსეთი დატოვა ათეულობით ათასმა მოქალაქემ.