ტრადიციულ ყოველდღიურ ანგარიშში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ, შესაძლოა, რუსეთის ხელისუფლებამ გამონახა საშუალება ბრძოლის ველზე წარუმატებლობისთვის საზოგადოების მხრიდან კრიტიკის თავიდან ასაცილებლად.
ანგარიშის თანახმად, 2022 წლის 3 ნოემბერს რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურის მოვალეობის დროებით შემსრულებლად გენერალ-მაიორი ალექსანდრ ლინკოვი დაინიშნა გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრ ლაპინის ნაცვლად. როგორც ჩანს, ეს უკანასკნელი ოქტომბრის ბოლოს გაათავისუფლეს.
თუკი ეს დადასტურდება, ლაპინი შეავსებს 2022 წელს რუსეთის არმიის მაღალჩინოსანთა რიგებს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ გაათავისუფლეს.
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი აქტიურად აკრიტიკებდნენ ლაპინს უკრაინაში ბრძოლის ველზე სამხედრო წარუმატებლობებისთვის.
მაღალჩინოსანი სამხედროების გათავისუფლება იმის ნათელი მაგალითია, რომ ომში მარცხისთვის ბრალს სდებენ სამხედრო ხელმძღვანელობას. ნაწილობრივ ეს, როგორც ჩანს, არის მცდელობა, მოსახლეობის თვალში რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ დაშვებული შეცდომებისთვის პასუხისმგებლობა სამხედროებს დააკისრონ, მიაჩნიათ ბრიტანელ ანალიტიკოსებს.