ჩინეთმა გააუქმა შარლ მიშელის ვიდეომიმართვის ჩვენება შანხაის საერთაშორისო გამოფენაზე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი

ჩინეთის ხელისუფლებამ გააუქმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ვიდეომიმართვის ტრანსლაცია შანხაის უმსხვილესი სავაჭრო გამოფენის, China Import Expo-ს, გახსნაზე, რომელიც 5 ნოემბერს გაიმართა.

სააგენტო Reuters-ის თანახმად, მიმართვაში შარლ მიშელი მკვეთრად აკრიტიკებდა რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ და ხაზს უსვამდა ევროკავშირის მეტისმეტ დამოკიდებულებას რუსეთის ენერგომატარებლებზე. შალ მიშელი ასევე მოუწოდებდა ჩინეთს, რომ გამოიყენოს რუსეთზე ზეგავლენა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესაჩერებლად.

"ჩინეთის ხელისუფლების თხოვნით, ჩვენ წინასწარ გავაკეთეთ მიმართვის ჩანაწერი, რომელიც, საბოლოო ჯამში, არ იყო ნაჩვენები. ჩვენ ის ჩვეულებრივი დიპლომატიური არხებით გავგზავნეთ", - განუცხადა მიშელის წარმომადგენელმა "როიტერსს".

ჩინეთის ხელისუფლება ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიმართვის გაუქმების შესახებ კომენტარს არ აკეთებს.

საერთაშორისო სავაჭრო გამოფენის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდნენ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინ პინი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი და ინდონეზიის, შრი-ლანკისა და ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტები.