სალომე ზურაბიშვილი იუნესკოს გენერალურ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი (მარცხნივ), იუნესკოს გენერალური დირექტორი ოდრი აზულე

საფრანგეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იუნესკოს გენერალურ დირექტორს, ოდრი აზულეს შეხვდა. შეხვედრა ორგანიზაციის სათავო ოფისში გაიმართა. პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობა და საქართველოს ბიომრავალფეროვნების საკითხები.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაეროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე ორიენტირებული ორგანიზაციის ხელმძღვანელს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ძეგლების მიზანმიმართული დაზიანებისა და განადგურების შესახებ. ამ დროისათვის არ არსებობს საერთაშორისო მექანიზმი, მათ შორის UNESCO-ც, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგს გაუწევს ქართული კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობას, აღწერს დანაკლისს და დარღვევებს.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე დასვა საკითხი, რომ UNESCO-მ რაიმე მექანიზმებით განახორციელოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ძეგლების მონიტორინგი. იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა კი აღნიშნა, რომ მსგავსი პრობლემები არის ასევე რეგიონის სხვა ზონებშიც. მისი თქმით, UNESCO ცდილობს, რომ ჰააგის კონვენციის ფარგლებში შეიმუშაოს ახალი მექანიზმები, რომლებიც მას საშუალებას მისცემს, კონფლიქტის ზონებში თანამგზავრის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით აღრიცხოს და მონიტორინგი გაუწიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობას.

სალომე ზურაბიშვილმა იუნესკოს გენერალური დირექტორი მოიწვია ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც, პრეზიდენტის ინიციატივით, თბილისში უკვე მეორედ ჩატარდება.