ASEAN-ის სამიტზე ბაიდენმა ჩინეთთან ურთიერთობაში „წითელ ხაზებზე" ილაპარაკა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ASEAN-ის სამიტზე. პნომპენი. 12 ნოემბერი, 2022 წელი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის, ASEAN-ის სამიტზე პნომპენში, კამბოჯაში, 13 ნოემბერს განაცხადა, რომ ჩინეთის მმართველთან, სი ძინპინთან ჰქონდა უფრო ხანგრძლივი შეხვედრა, ვიდრე სხვა პარტნიორებთან, მაგრამ ხაზი გაუსვა დიპლომატიურ შეზღუდვებს.

სამიტზე ბაიდენმა თქვა, რომ „უნდა ვიცოდეთ, სად გადის „წითელი ხაზები“ და რა არის ყველა ჩვენგანისთვის მომავალ ორ წელიწადში ყველაზე მნიშვნელოვანი.

სამიტის მასპინძელი და მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, კამბოჯის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელმა კუნ პოაკმა განაცხადა, რომ „არ გვინდა, რომელიმე მხარე ავირჩიოთ, ASEAN-ს სურს მჭიდრო თანამშრომლობა აშშ-სთან და ასევე ჩინეთთან“.

10 ნოემბერს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან მეგობრობის და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა უკრაინამ. ASEAN-ში რეგიონის ათი სახელმწიფოა გაერთიანებული. დიალოგის პარტნიორის სტატუსი აქვთ აშშ-ს, ევროკავშირს, ჩინეთს, რუსეთს და სხვა ქვეყნებს.