"ლელოს" წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა დღეს, 18 ნოემბერს, პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაბარებული პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა შეაფასა და თქვა, რომ მისი მოსმენისას საქართველოს მიმართ სიბრალულის გრძნობა გაუჩნდა.
„პრემიერ -მინისტრმა ისევ აირჩია, რომ ბევრი ტყუილი ეთქვა, იმის ნაცვლად, რომ რაიმე მიღწევებზე ესაუბრა. სიბრალულის გრძნობა გამიჩნდა ჩემი სამშობლოს მიმართ და მივხვდი, რომ ძალიან სწორი მოთხოვნაა დეოლიგარქიზაციას როდესაც გვთხოვენ, იმიტომ რომ ბერა ივანიშვილის (ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ვაჟი) თანაშემწე არ შეიძლება პრემიერ-მინისტრი იყოს და ეს უნდა დასრულდეს და საქართველოს მიეცეს შანსი, რომ გახდეს ევროპული ქვეყანა“, - უთხრა სალომე სამადაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს.
მისივე განცხადებით, 10 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიღწევა მხოლოდ ის არის, რომ „ძალიან უგემოვნოდ შერჩეული მუსიკის ქვეშ" ხელი მოაწერა იმ შეთანხმებებს, რომლებზეც იმუშავა ამჟამინდელი ხელისუფლების წინამორბედმა გუნდმა.
"სულ მაინტერესებდა შალახო რატომ აირჩიეთ ასოცირების შეთანხმების გაფორმებისას? უცნაური გემოვნება გაქვთ როგორც მუსიკაში, ასევე პოლიტიკაში“, - უთხრა სალომე სამადაშვილმა პრემიერს.
მანვე ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა, რომ მას ჰგონია, ევროპაში "ყველაზე გარიყულ ლიდერთან", უნგრეთის პრეზიდენტ ვიქტორ ორბანთან ჩასვლით მოატყუებს ქართველ ხალხს და რომ ორბანი იქნება მისი ლობისტი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვების გზაზე.
სალომე სამადაშვილის თქმით, უნგრეთს ევროპულ საბჭოში ხმის მიცემის უფლებას იმიტომ არ ართმევენ, რომ ყველა ელოდება ორბანის წასვლას ხელისუფლებიდან. ამასთან, სალომე სამადაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა შეკითხვით; "აპირებთ თუ არა დატოვოთ "ევროპელი სოციალისტების" პარტია, იმიტომ რომ მათაც მიაჩნიათ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და ქვეყანაში არის პოლიტიზირებული მართლმსაჯულება და ჩვენს ხელისუფლებას არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, ასე თუ გააგრძელებთ".
საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ინტერპელაციის წესით "სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკურმა ჯგუფმა დაიბარა. მათი შეკითხვები შეეხება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საჭირო 12 რეკომენდაციის შესრულებას და იმას, თუ რა გააკეთა მთავრობამ რეკომენდაციების მიღებიდან დღემდე.
ევროპული პერსპექტივა და 12 პირობა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ, საქართველომ მიიღო 23 ივნისს.
საქართველოსგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ, თუმცა ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, ევროკომისიის რეკომენდაციები მათაც უნდა შეასრულონ.
ასევე ნახეთ ღარიბაშვილი ვაშაძეს: ენერგიის დაზოგვა გადავწყვიტე, ერთს გეტყვით, თქვენი გამოსვლა ფარისევლობის პერფორმანსი იყო