პრეზიდენტი "რეგიონების კვირეულის" გახსნაზე: ოფიციალური პირებიდან ან არავინ წამოვიდა, ან ვერ გაბედა

სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

დღეს, 21 ნოემბერს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "რეგიონების კვირეული" გახსნა, რომელიც სვანეთის დღეებით დაიწყო. გახსნაზე მან აღნიშნა, რომ ღონისძიება პოლიტიკასთან კავშირში არაა, ამის მიუხედავად კი, რეგიონების ოფიციალური პირები ორბელიანების სასახლეში არ მივიდნენ.

"[ღონისძიება] არანაირად ან ახლოს, ან შორს არ არის დაკავშირებული შიდა პოლიტიკასთან, აქ არანაირი მოთხოვნა არ იყო და სრული თავისუფლება იყო მიცემული რეგიონების წარმომადგენლებისთვის. მე ძალიან მიკვირს, რომ რეგიონებიდან, ოფიციალური პირებიდან ან არავინ წამოვიდა, ან ვერ გაბედა წამოსვლა. თქვენ თვითონ გამოიტანეთ დასკვნები... ოფიციალური პირებიდან, რომლებიც ყველანაირად უნდა იყვნენ ჩვენი რეგიონების განვითარებით დაინტერესებული, არავინ არ გვახლავს. ამის მიუხედავად ეს იქნება ძალიან ცოცხალი სამი დღე", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია "რეგიონების კვირეულს" ორბელიანების სასახლეს უთმობს ღონისძიებებისთვის.

"ჩვენ ყველას მივწერეთ, ჩამოდით, გითმობთ ამ სასახლეს, კიდევაც ვაფინანსებთ თქვენს ჩამოსვლას... ჩამობრძანდით და ეს ადგილი თქვენია, როგორც გინდათ, ისე მოაწყვეთ, ვინც გინდათ გამოიყვანეთ და ამით თქვენ თქვენი თავი გამოაჩინეთ ქვეყანაში და ასევე ქვეყნის გარეთ", - თქვა პრეზიდენტმა და აღნიშნა ისიც, რომ გეგმავს, 2023 წლის ოფიციალური ვიზიტების დროს რომელიმე რეგიონის წარმომადგენელი თან წაიყვანოს, "რათა შეძლოს სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების დამყარება".

სალომე ზურაბიშვილის თქმით, "რეგიონების კვირეული" მომავალ წელსაც გაგრძელდება და ისევ მოიპატიჟებენ სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლებს:

"იმედი მაქვს, მათი ოფიციალური პირები ცოტა უფრო რეაქტიულები იქნებიან და არ შეეშინდებათ აქ ჩამოსვლა. ეს სასახლე ყველასია. ამას ყოველთვის ვამბობ და ხაზს ვუსვამ. ეს არაა ჩემი, ჩემთან დაკავშირებული. თუ მე ვიღაცებისთვის ვარ უხერხული, ეს სასახლე არ უნდა იყოს უხერხული".

პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, "რეგიონების კვირეულის" დაფუძნების მიზანია რეგიონების განვითარების ხელშეწყობა, მათი ეკონომიკურ-კულტურული პოტენციალის წარმოჩენა.