ირანელი უფლებადამცველები: ათობით ადამიანი ემსხვერპლა ქურთთა რეგიონში საპოლიციო ზეწოლას

საილუსტრაციო ფოტო

უფლებადამცველი წყაროების თანახმად, ბოლო კვირებში ირანის უსაფრთხოების წარმომადგენლებმა ათობით ადამიანი იმსხვერპლეს ქვეყნის დასავლეთში, ქურთისტანის რეგიონში, რომელიც არის ეპიცენტრი თვეების განმავლობაში მიმდინარე ანტისახელისუფლებო გამოსვლებისა, რომლებსაც ბიძგი მისცა მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დაპატიმრებული ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილმა.

ნორვეგიაში განთავსებული ჯგუფი, Hengaw-ი, რომელიც აკვირდება ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებს ირანის ქურთულ რეგიონებში, იუწყება, რომ უსაფრთხოების ძალებმა, 15 ნოემბრიდან 21 ნოემბრამდე პერიოდში, დემონსტრანტებისთვის ცეცხლის გახსნის შედეგად სულ მცირე 42 ქურთი მოქალაქე მოკლეს,

საფრანგეთში მდებარე ქურთისტანის ადამიანის უფლებების ქსელი იუწყება, რომ 19-დან 21 ნოემბრამდე პერიოდში სამთავრობო ძალების მიერ მოკლულია სულ მცირე 14 ქურთი მოქალაქე.

აქტივისტების თქმით, ძალადობით ხელისუფლება ცდილობს დემონსტრანტებში გამოიწვიოს შიში და ჩაახშოს მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე გამოსვლები.

მღელვარება, რომელიც დაიწყო როგორც პროტესტი ჰიჯაბის სავალდებულო ტარების ძალადობრივი დანერგვის წინააღმდეგ, გადაიზარდა ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოწვევაში ირანის კლერიკალური მმართველობისთვის, 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ.

მთელი ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების ძალების მიერ მოკლულია სულ მცირე 378 ადამიანი, მათ შორის 47 ბავშვი - იუწყება ოსლოში განთავსებული ჯგუფი, ირანის ადამიანის უფლებები (IHR).

აქტივისტთა ცნობით, დაკავებულია ასობით ადამიანი, არის ბევრი დაჭრილი. უცნობია ბევრი მოქალაქის ადგილსამყოფელი მას მერე, რაც ისინი უსაფრთხოების ძალებმა დააკავეს.