იუსტიციის მინისტრის თქმით, პატიმრებთან ყველა სახის პაემანი უფასო გახდება

რატი ბრეგაძე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, თუ პარლამენტი მიიღებს "პატიმრობის კოდექსს", მომავალი წლიდან მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება პატიმრების უფლებები. ამის შესახებ მან პარლამენტში "მინისტრის საათის" ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

"ყველა სახის პაემანი გახდება სრულიად უფასო და ეს იქნება ძალიან დიდი საქმე თითოეული მსჯავრდებულებისთვის, რომელიც სასჯელს იხდის. დღეს პატიმარს უწევს 60 ლარის გადახდა, რომ ოჯახთან და კანონით განსაზღვრულ პირებთან ჰქონდეს ხანგრძლივი პაემნის უფლება.

გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულებისა, ყველას ექნება უმაღლესი განათლების მიღების უფლება, იზრდება სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა", - აღნიშნა მან.

იუსტიციის მინისტრის თქმით, გაუმჯობესდება ბრალდებულთა და მსჯავრდადებულთა საცხოვრებელი პირობებიც - თუკი აქამდე თითოეული ბრალდებულისთვის მინიმუმ 3 კვადრატული მეტრი, ხოლო მსჯავრდადებულისთვის 2 კვადრატული მეტრი უნდა ყოფილიყო გამოყოფილი, ახლა საუბარია სივრცის 4 კვადრატულ მეტრამდე გაზრდაზე.

როგორც რადიო თავისუფლებამ იუსტიციის სამინისტროში გაარკვია, პატიმრობის შესახებ ახალი კოდექსი მთავრობამ უკვე მოიწონა და ის დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნა. კანონპროექტის მიღება 2023 წლის 1 იანვრამდეა გათვლილი.