მდინარაძე: სააკაშვილის გამოგზავნის ავტორებმა უზრუნველყვეს, რომ ზელენსკის საქართველოს ხელისუფლებისთვის მიემართა

მამუკა მდინარაძე

მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების", საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის (რომელიც ახლა პატიმრობაშია) საქართველოში ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზანი ქვეყნის ომში ჩართვა იყო. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ "სპეცოპერაციის" ავტორებმა უზრუნველყვეს, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებისადმი მიმართვა გაევრცელებინა.

"როდესაც ჩვენ ვსაუბრობ იმაზე, რომ ომში ჩართვა იყო ამ სპეცოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, ამას შემთხვევით არ ვამბობთ, ფაქტებს ვიშველიებთ. შემთხვევითი არ არის და ამ განცხადებასთან თანხვედრაში შეიძლება განვიხილოთ უკრაინის რიგი მაღალჩინოსნის განცხადება, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლებაში ომის ხალხი არ არის, მიხეილ სააკაშვილი კი ამას გააკეთებდა.

დიახ, მათ აქვთ ეს მოლოდინი და სპეცოპერაციის დამგეგმავებმა ასევე უზრუნველყვეს, რომ უკრაინის პრეზიდენტიც კი გამოეხმაურა ამ ამბავს და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას ის, რაც მოუწოდა. ეს ერთმანეთთან კორელაციაში, სინთეზში უნდა განვიხილოთ. ასეთი რაღაცები შემთხვევით არ ხდება. ეს იყო სპეცოპერაცია საქართველოს ომში ჩართვის მიზნით და საქართველოს არევის მიზნით, რაც ჩავარდა და დღეს ჩვენ ყველა განცხადებას იმის გამო, რომ სხვა გზა არ გვაქვს, ამ კონტექსტში განვიხილავთ", - თქვა მამუკა მდინარაძემ.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის სექტემბერში დაბრუნდა, უკრაინაში ომი კი ხუთი თვის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. სააკაშვილი პოლიციამ 2021 წლის 1 ოქტომბერს დააკავა და ამ დრომდე პატიმრობაშია.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხალხს და ხელისუფლებას მიმართა, მიხეილ სააკაშვილისადმი ლმობიერება გამოიჩინონ, განსაკუთრებით, შობის წინა პერიოდში.

„მინდა მივმართო ყველა ჩვენს მეგობარს და უბრალოდ, კეთილსინდისიერ ადამიანებს საქართველოში. ალბათ, ნახეთ რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“, - განაცხადა ზელენსკიმ 19 დეკემბერს, ღამით, ვიდეომიმართვისას.

ასევე ნახეთ

ზელენსკიმ საქართველოს მიმართა სააკაშვილი გადაიყვანონ უკრაინის, ევროპის ან აშშ-ის კლინიკაში

14 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეოკადრები, რომლებზეც ასახულია კლინიკა "ვივამედში" მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების", წარმომადგენლებმა ეს კადრები შეაფასეს იმის დასტურად, რომ ცნობები სააკაშვილის მძიმე მდგომარეობის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, გარდა იმისა, რომ ვიდეოს გასაჯაროება მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევად შეაფასა, კადრები მიიჩნია ექსპრეზიდენტის მძიმე მდგომარეობის კიდევ ერთ დასტურად.

ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას. ადვოკატებმა სასამართლოს 1 დეკემბერს მიმართეს.