დმიტრი მედვედევი პეკინში შეხვდა სი ძინპინს

დმიტრი მედვედევი და სი ძინპინი

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი მოულოდნელი ვიზიტით ეწვია პეკინს და ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან გამართა მოლაპარაკება, რომლის დროსაც, მედვედევის თქმით, უკრაინის კონფლიქტიც განიხილეს.

მედვედევმა, რომელიც ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილეა, ტელეგრამით გამოაქვეყნა სი ძინპინთან შეხვედრის ამსახველი ვიდეოჩანაწერი.

მედვედევი ამბობს, რომ მან და სი ძინპინმა განიხილეს ორი ქვეყნის "ულიმიტო" სტრატეგიული პარტნიორობა და უკრაინის საკითხი. სხვა დეტალები მას არ დაუკონკრეტებია.

"ჩვენ ვიმსჯელეთ თანამშრომლობაზე ჩინეთისა და რუსეთის მმართველ პარტიებს შორის ... ორმხრივ თანამშრომლობაზე - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, მათ შორის ეკონომიკის და ინდუსტრიული მრეწველობის [სფეროებში]. განვიხილეთ საერთაშორისო საკითხებიც - მათ შორის, რა თქმა უნდა, უკრაინაში კონფლიქტი", - ამბობს მედვედევი და დასძენს, რომ "მოლაპარაკება სასარგებლო იყო".

მას შემდეგ, რაც თებერვალში უკრაინაში შეჭრისთვის რუსეთს დასავლეთის სანქციები დაუწესდა, მოსკოვმა კიდევ უფრო გააძლიერა პეკინისკენ შებრუნების პროცესი.