2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 50 პროცენტზე მეტით გაიზარდა, აცხადებს ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს დირექტორი ნინა გრეგორი. მისი თქმით, 2022 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში ევროკავშირში შევიდა თავშესაფრის მოპოვების 800 000-მდე განაცხადი, რაც 54 პროცენტით აჭარბებს წინა წლის მონაცემს.
ამ რიცხვში არ შედიან უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში გადასახლდნენ უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის შემდეგ. უკრაინელებს აძლევენ არა პოლიტიკურ თავშესაფარს, არამედ დროებითი დაცვის სტატუსს და ლტოლვილთა სტატისტიკაში უკრაინელები არ ხვდებიან. ნოემბრის ბოლოსთვის თავშესაფრის მთხოვნელთა სიის სათავეში კვლავ სირიის, ავღანეთის და თურქეთის მოქალაქეები არიან.
გრეგორი არ აკონკრეტებს რუსეთის რამდენმა მოქალაქემ ითხოვა მიმდინარე წელს პოლიტიკური თავშესაფარი ევროკავშირში. ევროკავშირი მანამდე აცხადებდა შესაძლებლობაზე, რომ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც შინ დევნას ექვემდებარებიან, მიენიჭოთ არა პოლიტიკური ლტოლვილის სტატუსი, არამედ მიეცეთ ე.წ. ჰუმანიტარული ვიზები. რუსეთის მოქალაქეთა სტატისტიკური მონაცემები მომავალი წლის დასაწყისში დაითვლება.
გრეგორის თქმით, თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი წელს გაიზარდა, თუმცა ის მაინც არ აღწევს 2015-2016 წლების მონაცემს, როცა ევროკავშირს თავშესაფრის თხოვნით მიმართა 1.3 მილიონზე მეტმა ადამიანმა, რომელთა უმრავლესობაც სირიაში სამოქალაქო ომის შედეგებს გაურბოდა.
თავშესაფრის მაძიებელთა უმრავლესობას განაცხადი გერმანიაში შეაქვს, მეორე ადგილზეა საფრანგეთი. ლტოლვილებისთვის ყველაზე "არასასურველი" ევროკავშირის წევრი ქვეყანა უნგრეთია.