პრიგოჟინი ორგანიზებული დანაშაულის და კორუფციის "წლის ადამიანია"

ევგენი პრიგოჟინი

კორუფციის და ორგანიზებული დანაშაულის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა(OCCRP) რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული პეტერბურგელი ბიზნესმენი, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამაარსებელი და დამფინანსებელი ევგენი პრიგოჟინი „წლის ადამიანად“ დაასახელა ნომინაციაში „ორგანიზებული დანაშაული და კორუფცია“.

საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, პრიგოჟინი თავის სამშობლოში იქცა ყველანაირი სიბნელის ყველაზე თვალსაჩინო განსახიერებად და მას ცოტა თუ შეედრება ბინძური ფულით, სასტიკი ძალადობით, ცინიზმით და დაუსჯელობით.

კრემლი "პუტინის მზარეულად" წოდებული პრიგოჟინის მიერ შექმნილ კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერს" აქტიურად იყენებს უკრაინის წინააღმდეგ ომში. პრიგოჟინი პირადად არის ჩართული უკრაინაში საომრად პატიმართა დაქირავების პროცესშიც. "ვაგნერელები" ეჭვმიტანილი არიან ომის მრავალი დანაშაულის ჩადენაში.

ასევე ნახეთ დაქირავებულთა და პატიმართა მთავარსარდალი

კორუფციის და ორგანიზებული დანაშაულის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „ორგანიზებული დანაშაულის და კორუფციის“ ნომინაციაში „წლის ადამიანის“ სიმბოლური ტიტული 2014 წელს მიანიჭა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსაც.