ბუქარესტი - ინფლუენსერი ენდრიუ ტეიტი პოლიციელებმა თვისი ფეშენებელური ვილიდან წაიყვანეს. ამ ამბავმა კიდევ ერთხელ ცხადყო, თუ რამდენად პრობლემურია ადამიანებით ვაჭრობა რუმინეთსა და მის მეზობელ ქვეყნებში.
გამომძიებლები ამტკიცებენ, რომ 36 წლის ენდრიუ ტეიტმა, მისმა ძმამ ტრისტანმა და ორმა რუმინელმა ქალმა კრიმინალური დაჯგუფება შექმნეს. ისინი რუმინეთსა და სხვა ქვეყნებში, მათ შორის აშშ-სა და ბრიტანეთში ადამიანებით ვაჭრობდნენ. ჩადენილ დანაშაულებს შორის არის გაუპატიურების შემთხვევებიც.
აშშ-ში დაბადებულმა ყოფილმა კიკ ბოქსიორმა ტეიტმა, რომელიც ახლა ბრიტანეთის მოქალაქეა, შექმნა მრავალ მილიონ დოლარად ღირებული ონლაინ ბრენდი, რომელიც მასკულინობას, ქალთმოძულეობას და „დოვლათის დაგროვებას“ ეფუძნებოდა. დაპატიმრების შემდეგ ბუქარესტის სასამართლომ ეჭვმიტანილები სულ მცირე ერთი თვით დაცვის ქვეშ დატოვა.
ენდრიუ და ტრისტან ტეიტები პოლიციას გადაჰყავს
ჩანს, რუმინეთში ადამიანებით ვაჭრობა ისევ პრობლემად რჩება. რაც ქვეყანაში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სააგენტო შეიქმნა მსგავსი ფაქტების რაოდენობამ იკლო, თუმცა თვეში 30 შემთხვევას მაინც ითვლიან. 2022 წლის აგვისტოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩათვალა, რომ რუმინეთის მთავრობამ „მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწია“, მაგრამ „ეს მაინც არ აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღმოფხვრისთვის საჭირო მინიმალურ სტანდარტებს“.
რუმინეთის პოლიცია მიჩნევს, რომ ტეიტის ქსელი ბრიტანელებს იტყუებდა Lover Boy-ის („საყვარელი ბიჭის“) მეთოდით, ანუ მოძალადეები ჯერ ზრუნავდნენ მომავალ მსხვერპლებზე, სასიყვარულო ურთიერთობების პერსპექტივით, შემდეგ კი ძალადობდნენ ან იმონებდნენ.
რადიო თავისუფლების რუმინეთის ბიურომ შეისწავლა ოფიციალური მონაცემები, ასევე ჩვენებები, რომლებიც სასამართლოს ტრეფიკინგის რუმინელმა მსხვერპლებმა მისცეს. შედეგად გამოიკვეთა ადამიანით ვაჭრობის რამდენიმე არქეტიპი. ქალების ვინაობები ფსევდონიმებით არის შეცვლილი.
ინტერნეტით მონადირე
ანდრეა ღარიბ ოჯახში დაიბადა, გაიზარდა ალბას ოლქში, რუმინეთის ისტორიულ რეგიონში, ტრანსილვანიაში. მეორე კლასში სკოლა დატოვა. მალევე მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და ბედის საცდელად ორივე საზღვარგარეთ გაეშურა. ბავშვი ბებიასთან დარჩა.
20 წლის ანდრეა სამსახურის ძებნას შეუდგა. ბრიტანეთში იმ იმედით წავიდა, რომ იქ შოკოლადის ქარხანაში იმუშავებდა, სანაცვლოდ პროსტიტუციის სფეროში ამოყო თავი.
მან სასამართლოს უთხრა, რომ ადამიანებით ვაჭრობის ბნელ სამყაროში ვინმე სებასტიან ზ-ს გამოისობით მოხვდა. ისინი ერთმანეთს 2020 წლის დეკემბერში „შეხვდნენ“. სებასტიანმა სურვილი გამოთქვა, ანდრეა ცოლად მოეყვანა, ოღონდ ერთი პირობით: ის მასთან, ბრიტანეთში უნდა ჩასულიყო, სამსახურის შოვნაში თავად დაეხმარებოდა. სებასტიანი მას არწმუნებდა, რომ უყვარდა, პატივს სცემდა, დაიფარავდა და გააბედნიერებდა.
სასამართლოს ფსიქოლოგმა, რომელმაც ანდრეა გამოიკვლია, დაადგინა, რომ ის იყო მოწყვლადი, 18 წლის გოგონა, მწირი ცხოვრებისეული გამოცდილებით. არც ანგარიში იცოდა, არც -კითხვა.
2020 წლის იანვარში ანდრეა ბრიტანეთში წავიდა, სახლში არაფერი უთქვამს. თან მხოლოდ მობილური და ის ტანსაცმელი ჰქონდა, რომელიც ზედ ეცვა. ჩავიდა ვულვერჰემპტონში, სადაც მის „ბოიფრენდს“ , ამ „ბოიფრენდის“ მეგობარსა და მეგობრის ცოლს ბინა ჰქონდათ დაქირავებული. მალევე აიძულეს პროსტიტუციაში ჩართულიყო.
სებასტიანმა მისთვის ინტერნეტ ფსევდონიმი მოიფიქრა. ანდრეა ამბობს, რომ „კლიენტები ღამის 11 საათიდან იწყებდნენ მოსვლას და ღამის სამ საათამდე რჩებოდნენ“.
ორი თვის შემდეგ ანდრეამ რუმინეთში დაბრუნება შეძლო. „მითხრა, თუ ვინმეს ეტყვი ან პოლიციას, მოვალ და დანას გაგირჭობ, მოგკლავო“. დაიზაფრა. მაგრამ შემდეგ მაინც გაუმხილა ბებიას, რომელმაც მაშინვე პოლიციას მიმართა.
სებასტიანს და იმ პირებს, რომლებსაც გოგონა დატყვევებული ჰყავდათ ოთხი წლით პატიმრობა მიესაჯათ.
ტრეფიკინგთან ბრძოლის რუმინეთის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ თითქმის მეოთხედი, ვინც თავს ტრეფიკინგის მსხვერპლად აცხადებს, პროსტიტუციაში სწორედ ამ გზით აღმოჩნდა.
Lover Boy
მას შემდეგ, რაც ტეიტები დააკავეს, რუმინეთის ყოფილი კანონმდებლის 19 წლის ქალიშვილი საჯაროდ აცხადებს, რომ ისინი მის და მის მეგობარ გოგონას არც თუ ორაზროვან მესიჯებს 16 წლიდან უგზავნიდნენ.
და ის ერთადერთია რაა.
2020 წლის მარტში, მარიამ რომანტიკული ურთიერთობა წამოიწყო კაცთან, რომელიც შემდეგ მის მოძალადედ იქცა. შეყვარებული გოგონა მასთან ერთად ბულგარეთის საზღვართან ჯურჯუს ჟუდეცში გადასახლდა. კაცი მთვარესა და ვარსკვლავებს ჰპირდებოდა, ცოლად მოყვანაც კი აღუთქვა.
ერთი თვის შემდეგ, 2021 წლის მაისში, მარია მეგობრის მანქანით გერმანიაში ჩავიდა. იმედოვნებდა, რომ იქ სახლის დიასახლისად დაიწყებდა მუშაობას, მაგრამ მალევე აღმოაჩინა, რომ მოატყუეს.
„ბინაში ჩემი მეგობარი ბიჭის ორ კოლეგასთან დავრჩი. ერთ-ერთმა მითხრა, ადგილობრივ ბორდელში წავსულიყავი სამუშაოდ. ასეც მოვიქეცი“.
ყოველ ღამე მუშაობდა. „მეგობარი ბიჭი“ დილაადრიან გამოუვლიდა და შეგროვებულ ფულს ართმევდა. ხშირად დაობდნენ, დავა ხელჩართულ ჩხუბში გადაიზრდებოდა ხოლმე.
ერთ ღამეს, მას შემდეგ, რაც კლიენტების მიღებაზე უარი თქვა, კაცმა სახლში წაიყვანა და იქამდე ურტყა, სანამ გოგომ გონება არ დაკარგა.
ჩამოსვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ გაქცევას შეეცადა, არ გამოუვიდა. შემდეგ ჯერზე მოახერხა და საღამოს ნაშოვნი ფულით რუმინეთისკენ მიმავალი ავტობუსის ბილეთი აიღო. კაცმა მალევე ჩააკითხა რუმინეთში, დედამისის სახლში. შერიგდნენ.
დროთა განმავლობაში მარია დათანხმდა, გერმანიაში დაბრუნებულიყო და სექს მუშაკად ემუშავა. ამავე დროს შეიტყო, რომ მისი „მეგობარი ბიჭი“ სხვა ქალზე იყო დაქორწინებული, ისიც გერმანიაში, პროსტიტუციის სფეროში მუშაობდა.
გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ მარია ემოციურად იყო მიჯაჭვული მოძალადეზე და მართლაც სჯეროდა მისი დაპირებების. გამომძიებლები ასევე დარწმუნებულები არიან, რომ „მეგობარმა ბიჭმა“ მარიას დედაც მოისყიდა.
გამოძიებისა და სასამართლო პროცესის დროს მარია ისევ ცდილობდა თავისი „მეგობარი ბიჭი“ დაეცვა.
ნაცნობი ან მეგობარი
დიანა ახალგაზრდა ქალია, მას ბიპოლარული აფექტური აშლილობის დიაგნოზი აქვს. 2015 წელს 22 წლის იყო. საშინელ სიღატაკეში ცხოვრობდა. საბერძნეთში მყოფმა, სუტენიორების გამო ნასამართლევმა ადამიანმა მის შესახებ შეიტყო და ბიძის მეშვეობით დაუკავშირდა. ცოტა ხნით ადრე დიანამ პასპორტი დაკარგა. ბიძამ სუტენიორის გამოგზავნილი ფულით ახალი აუღო, ტანსაცმელი უყიდა, შემდეგ თვითმფრინავის ბილეთიც შეუძინა ბრიტანეთის მიმართულებით.
ლივერპულში ჩასულ დიანას აეროპორტში ორი კაცი დახვდა. გლაზგოში წაიყვანეს. საბუთები წაართვეს და გამოუცხადეს, ამიერიდან სექს მუშაკი ხარო. მისთვის კლიენტებს სპეციალური ვებსაიტებით შოულობდნენ. როდესაც დიანა წინააღმდეგობას უწევდა, ცემდნენ.
2015 წლის ოქტომბერში დიანამ გამბედაობა მოიკრიბა და გაიქცა. მან პირველივე მანქანა გააჩერა, რომლის მძღოლმაც პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცავებმა საქმე აღძრეს.
„შანტაჟიორი“
როდესაც ელენა მოძალადეს შეხვდა 17 წლის იყო. 2020 წლის დასაწყისში გოგონას მშობლებთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. გადაწყვიტა სახლიდან გაქცეულიყო. ამ დროს მეგობარმა კაცი გააცნო.
„მე მას ვხვდებოდი, ტელეფონზე ველაპარაკებოდი. მშობლებს ვუმალავდი ამას, იმასაც, პატარა ბავშვი რომ ჰყავდა“, - უთხრა მოგვიანებით გამომძიებლებს, - „როდესაც პირველად შევხვდი, ვუთხარი 16 წლის და ნახევრის ვარ-მეთქი, ეს ყოველთვის იცოდა“
ერთხელ ელენა დათანხმდა, სექსის დროს კაცს ვიდეო გადაეღო.
მოგვიანებით ელენამ მშობლების სახლი დატოვა და მასთან წავიდა. მშობლებმა პოლიციას მიმართეს, მაგრამ შვილის სახლში დაბრუნება ვერ შეძლეს.
სავარაუდოდ მამაკაცის მიზანი ელენეს გერმანიაში წაყვანა და მისი პროსტიტუციაში ჩართვა იყო, მაგრამ ის ასაკმა გადაარჩინა. მშობლების თანხმობის გარეშე ქვეყნის დატოვება არ შეეძლო. მამაკაცმა ელენას პიკანტური ვიდეოდან კადრები მის ახლობლებსა და ოჯახის წევრებს გაუგზავნა. ასე ცდილობდა ისინი ეიძულებინა დახმარებოდნენ. კადრები რამდენიმე ათეულმა ადამიანმა ნახა.
საბოლოოდ, ელენა მშობლების სახლში დაბრუნდა.
„როდესაც ჩემი ახლობლებისგან ამ ვიდეოს შესახებ შევიტყვე, მალევე აღმოვაჩინე, რომ ის სოციალურ ქსელშიც არის და ყველას შეუძლია ნახოს. ეს იყო მიზეზი, რის გამოც პოლიციას მივმართე“, - უთხრა ელენას დედამ სამართალდამცველებს.
ელენეს მშობლები ამბობენ, რომ მომხდარმა გოგონას სამუდამო დაღი დაასვა. თავს გადამხდარი ამბის შემდეგ გოგონა ჩუმი და დეპრესიული გახდა. მან თავის მოკვლაც კი სცადა და რომ არა მეგობარი, ის დღეს ცოცხალი არ იქნებოდა.