სი ძინპინი გამოდის თურქმენეთთან თანამშრომლობის გაღრმავების მოწოდებით ბუნებრივი აირის სფეროში

სერდარ ბერდიმუხამედოვი, თურქმენეთის პრეზიდენტი

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა 6 იანვარს განაცხადა, რომ ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება სურს თურქმენეთთან, იუწყება ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზია.

თურქმენეთი ჩინეთისთვის ბუნებრივი აირის უმსხვილესი მიმწოდებელია მილსადენით. "ბუნებრივი აირის სფეროში თანამშრომლობა წარმოადგენს ჩინეთ-თურქმენეთის ურთიერთობის ქვაკუთხედს", - უთხრა სი ძინპინმა თურქმენეთის პრეზიდენტს, პეკინში ორდღიანი ვიზიტით მყოფ სერდარ ბერდიმუხამედოვს.

სი ძინპინისა და სერდარ ბერდიმუხამედოვის შეხვედრების შესახებ ჩინეთის მედიის მიერ გავრცელებულ მასალებში არ იყო დაკონკრეტებული სამომავლო ენერგეტიკული თანამშრომლობის დეტალები. ორმა ლიდერმა ამ საკითხებზე იმსჯელა სექტემბერშიც, უზბეკეთში გამართული შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის დროს.