უკრაინა შობის შემდეგ რუსული დაბომბვების შესახებ იტყობინება

ბახმუტის დაბომბვის შედეგი. უკრაინა. 2023 წლის იანვარი

კვირას, 8 იანვარს, ღამით, რუსულმა ჯარებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ მერეფას ცეცხლი გაუხსნეს. დაიღუპა 50 წლის ადგილობრივი მცხოვრები. ამბავი რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა გაავრცელა.

ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ალექსანდრ სტარუხმა კი გაავრცელა ინფორმაცია გაეროს მისიის დაბომბვის შესახებ, რომელმაც, ქალაქ ორეხოვში ჰუმანიტარული დახმარება მიიტანა.

დონეცკის ოლქის ხელმძღვანელობის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა შვიდი სარაკეტო შეტევა განახორციელეს კრამატორსკზე და ორიც - კონსტანტინოვკაზე. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ ყოფილა.

მედიის ცნობით, რამდენიმე აფეთქება იყო ხერსონშიც.

უკრაინის შეიარაღებული ძალები აცხადებენ, რომ რუსეთის არმიამ, მოსკოვის მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, ბოლო დღის განმავლობაში 40-ჯერ დაარტყა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემით, სამი საჰაერო დარტყმით და ცხრა რაკეტით.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თავდასხმებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 6 იანვრის შუადღიდან 36-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. მან ეს გადაწყვეტილება ე.წ. საშობაო ზავის შესახებ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქ კირილეს თხოვნით გაამართლა. თუმცა კიევმა უარი თქვა ინიციატივის მხარდაჭერაზე და მას ფარისევლობა უწოდა.

ასევე ნახეთ

 პუტინის 36-საათიანი "საშობაო ზავის" მიღმა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსული არმია იცავს "ცეცხლის შეწყვეტას" უკრაინასთან, მაგრამ პასუხობს მტრის დაბომბვას.