9 იანვარს აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ სოლედარიდან ვრცელდებოდა ცნობები რუსეთის ძალების ხანგრძლივი და ძლიერი შეტევების შესახებ. უკრაინელი ოფიციალური პირების თანახმად, რუსეთის სამხედროებმა სოლედარში გადაჯგუფება მას მერე დაიწყეს, რაც მოსკოვმა ცალმხრივად გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტა, შობის დღესასწაულის გამო.
ქალაქს კვლავ უკრაინის სამხედროები აკონტროლებენ, აცხადებს დონეცკის რეგიონის გუბერნატორი პავლო კირილენკო 9 იანვარს და უარყოფს "ყალბ" ცნობებს, რომ სოლედარი რუსეთის ძალებმა დაიკავეს. "სოლედარი არის ყველაზე ცხელი წერტილი, ფაქტობრივად აღარ დარჩა ინფრასტრუქტურა, მხოლოდ გამაგრებები და ნაღმები", - უთხრა მან უკრაინის ტელევიზიას.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჰანა მალიარის თქმით, სოლედარის დაკავების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მტერი "გადაჯგუფდა, ტაქტიკა შეცვალა და დაიწყო ახალი, ძლიერი შეტევა". როგორც მალიარი ტელეგრამით წერს, შეტევაში ძირითადად მონაწილეობენ გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის" წევრები.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის მცველთა გამძლეობამ ქვეყანას საშუალება მისცა, დრო მოეგო და ძალა მოეკრიბა.