უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონბასისთვის ბრძოლა გრძელდება და მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტებმა ყველაზე დიდი ძალისხმევა ქალაქ სოლედარისკენ მიმართეს, მძიმე და ხანგრძლივი ბრძოლის შედეგი იქნება მთელი დონბასის გათავისუფლება.
უკრაინელებისადმი წუხანდელი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა მებრძოლებს, რომლებიც მედგრად იცავენ ბახმუტს და მებრძოლებს, რომლებიც უძლებენ საოკუპაციო ძალების სულ უფრო სასტიკ იერიშებს სოლედარში. ზელენსკის თქმით, სოლედარში უკრაინის დამცველთა სიმტკიცის წყალობით მოიგეს დამატებითი დრო და ძალები.
„და რისი მოგება უნდოდა იქ რუსეთს? ყველაფერი მთლიანად დანგრეულია. სიცოცხლე თითქმის აღარ დარჩა და ათასობით ადამიანი დაკარგეს. სოლედარის ქვეშ მთელი მიწა ოკუპანტების გვამებსა და დარტყმების ნაიარევშია. აი, ასე გამოიყურება სიგიჟე“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. მას არაფერი უთქვამს სოლედარში უკრაინის დანაკარგების შესახებ.
ასევე ნახეთ გუბერნატორი: სოლედარი გადაიქცა აღმოსავლეთ უკრაინის "ცხელ წერტილად"უკრაინის ხელისუფლებამ 9 იანვარს დაადასტურა, რომ რუსეთი ძლიერ შეტევას აწარმოებს დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარზე. ოფიციალური პირების თანახმად, რუსმა სამხედროებმა სოლედარში გადაჯგუფება მას შემდეგ დაიწყეს, რაც მოსკოვმა 6-7 იანვარს, ცალმხრივად გამოაცხადა ე.წ. საშობაო ზავი.
რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა "ფეიკი" უწოდა მედიით გავრცელებულ ცნობებს, რომ სოლედარის აღებაში რუსეთის რეგულარული სამხედრო ფორმირებები მონაწილეობენ. 9 იანვარს, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ სოლედარს მხოლოდ "ვაგნერის" ქვედანაყოფები "იღებენ" და "სასტიკ ბრძოლას აწარმოებენ საქალაქო ადმინისტრაციის შენობისთვის".