უკრაინის ომში დაიღუპა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის 21 წლის მკვიდრი

ტამერლან ოსტაევი

უკრაინის ომში დაიღუპა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მკვიდრი, 21 წლის ტამერლან ოსტაევი. ინფორმაციას რადიო თავისუფლების პროგრამა "ეხო კავკაზა" ჟურნალისტ არზუ მამედოვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოსტაევი რუსეთის მხარეს მოხალისედ იბრძოდა, სექტემბრის ბოლოდან ის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.

„ჯგუფი, რომელშიც ოსტაევი ირიცხებოდა, 26 სექტემბერს მტრის ჩასაფრებაში მოხვდა. თუმცა იმედი, რომ ის ცოცხალი იყო ან ტყვედ იყო ჩავარდნილი, მის ახლობლებს ბოლომდე ჰქონდათ“, - წერს მამედოვა თავის ტელეგრამის არხზე.

ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის ომში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის 20-ზე მეტი მკვიდრი დაიღუპა. ესენი არიან რუსი სამხედროები და მოხალისეები: ვლადიმირ კოზაევი, მარატ ჯიოევი, რემიკ კაჯაევი, ალან დუდაევი, ოლეგ ალბოროვი, აცამაზ ჯიოევი, აცამაზ ბესტაევი, როლანდ ცხოვრებოვი, ალან ბაგაევი, ალან თედეევი, ალიმ ლოხოვი, ინალ კორტიევი, ანდრეი ბაკაევი, რუსლან ბასაევი, ზუსლან კაზიევი, რადისლავ ხუგაევი, რობერტ კულუმბეგოვი, ახმატ ზასეევი, ალბერტ ჯუსოევი, ივან ელბაკიევი და ტამერლან ოსტაევი.