შესაძლებელია სააკაშვილი სიმულირებდეს? - რა თქვა ექიმმა ფინკელმა მე-4 სასამართლო სხდომაზე

სტიუარტ ფინკელი სასამართლო სხდომაზე ჩართვისას, 2023 წლის 11 იანვარი

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 11 იანვარს სასამართლოს ჩვენება მისცა გასტროენტეროლოგმა სტიუარტ ფინკელმა. ეს უკვე მეოთხე სხდომაა, რომელზეც პატიმარი ექსპრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების ან მისი სასჯელისგან გათავისუფლების შესაძლებლობას განიხილავენ.

ექიმი სტიუარტ ფინკელი სასამართლოს აშშ-დან დისტანციურად ჩაერთო. იგი 6 საათის განმავლობაში უპასუხებდა სააკაშვილის ადვოკატებისა და პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების შეკითხვებს.

ფინკელმა მიხეილ სააკაშვილის 10-ზე მეტი დიაგნოზი წაიკითხა და თქვა, რომ ექსპრეზიდენტი მძიმედ არის ავად:

" ...დამატებითი დიაგნოზია წვრილ ნაწლავებში მალაბსორბცია [ნაწლავი სათანადოდ ვერ იწოვს საკვებ ნივთიერებებს - რ.თ.]. ეს არის ის დიაგნოზები, რაც მე დავსვი კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებებთან დაკავშირებით".

გასტროენტეროლოგის შეფასებით, მალაბსორბცია და კახექსია არის იმის საფუძველი, რომ მიხეილ სააკაშვილი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდეს.

სხდომაზე პატიმრის ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძესა და ექიმ სტიუარტ ფინკელს შორის ასეთი დიალოგი შედგა:

შალვა ხაჭაპურიძე: ადასტურებთ თუ არა, რომ სააკაშვილი მძიმე ავადმყოფია?

გასტროლოგი: დიახ, მე გამომაქვს დასკვნა, რომ ის არის სერიოზულად ავად.

შალვა ხაჭაპურიძე: ადასტურებთ თუ არა, რომ მას პატიმრობის პერიოდში ვერ უტარდებოდა სათანადო კვლევა?

გასტროლოგი: დიახ, მე ვადასტურებ, რომ მას პატიმრობის პერიოდში არ ჩასტარებია შესაბამისი კვლევები.

შალვა ხაჭაპურიძე: ადასტურებთ თუ არა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამოა პატიმრობასთან და ვერ იხდის სასჯელს?

გასტროლოგი: დიახ, მას არ შეუძლია სასჯელის მოხდა.

შალვა ხაჭაპურიძე: ლაბორატორიული კვლევით, მის ორგანიზმში აღმოჩნდა ვერცხლისწყალი და სხვა მძიმე მეტალები. ზეგავლენას ახდენს თუ არა ამ ნივთიერებების აღმოჩენა გასტროლოგიის მიმართულებით?

გასტროლოგი: მე ვეყრდნობი ექიმ სმიტის დასკვნას და ჩავატარე გარკვეული კვლევა ვერცხლისწყლის გავლენასთან დაკავშირებით საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. ვადასტურებ, რომ ვერცხლისწყალი ნეგატიურად მოქმედებს გასტროსისტემაზე, ასევე ვერცხლისწყალი იწვევს ნეკროზს ნაწლავებში, რასაც მივყავართ მალაბსორბციის სინდრომთან.

ფინკელმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში არასწორად უმკურნალეს, რადგან არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები მისცეს, რაც მისი დიაგნოზის მქონე პაციენტისთვის არ შეიძლებოდა.

"ეს ის წამლებია, რომლებიც ტკივილგამაყუჩებელ ფუნქციას ასრულებენ და არ უნდა მიეცეს პაციენტს, რომელსაც ჰქონია ან აქვს წყლული".

მანვე დაამატა, რომ მკურნალობის დროს არ გაკეთებულა ბიოფსია, რომლითაც გამოვლინდებოდა მიკროსკოპიული კოლიტი, ასევე არ ჩატარებულა წვრილი ნაწლავის შემდგომი კვლევა, ბიოფსია.

"მას აქვს მომატებული რისკი კუჭის კიბოს განვითარების, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია სრულად შევაფასოთ ეს რისკი, რამდენადაც არაადეკვატური კვლევა იყო ჩატარებული", - თქვა გასტროლოგმა.

გარდა ამისა, ადვოკატის კითხვაზე, მიხეილ სააკაშვილის გასტროლოგიური დაავადებები კავშირში არის თუ არა საპროტესტო შიმშილობასთან, ექიმი უპასუხებს, რომ "მისი აზრით, ასე არაა". ფინკელის განმარტებით, ეს მდგომარეობა მას შემდეგ განვითარდა, რაც სააკაშვილი დააპატიმრეს, სიმპტომები კი გვიან გამოვლინდა.

"სამეცნიერო ლიტერატურის მიხედვით, არ არსებობს იმის რწმუნება, რომ შიმშილობა ან პროტესტი შიმშილობით გამოხატული, იწვევდეს ამ ტიპის მდგომარეობებს, დაზიანებებს", - აღნიშნა ფინკელმა.

დიაგნოზების შიმშილობასთან კავშირზე მოგვიანებით იკითხა პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მალხაზ ურთქმელიძემაც. მასსა და ექიმ ფინკელს შორის ასეთი დიალოგი შედგა:

მალხაზ ურთქმელიძე: გავიგეთ, რომ საკვების არმიღება არ იწვევს არც გასტრიტს [კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება - რ.თ.], არც ეზოფაგიტს [საყლაპავის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესი - რ.თ.], მაშინ გვითხარით, რას იწვევს?

გასტროლოგი: ბატონი სააკაშვილის შემთხვევაში, როლი ითამაშა არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებამ, რომლებიც უკუჩვენებაა ვერცხლისწყლით მოწამვლისას.

მალხაზ ურთქმელიძე: შიმშილზე იყო კითხვა და მე, როგორც მივხვდი, შიმშილი კარგი ყოფილა.

გასტროლოგი: საჭმლის არმიღება თავისთავად ცუდია ადამიანის ორგანიზმისთვის, მაგრამ საჭმლის არმიღება თუ ხდება შიმშილობის შემთხვევაში, მაშინ კუჭში მჟავიანობა მცირდება, შესაბამისად, შანსი იმისა, რომ განვითარდეს წყლული, პრაქტიკულად, არაა, რადგან მჟავის კონცენტრაცია დაბალია.

"შესაძლებელია თუ არა სააკაშვილი სიმულირებდეს?" - ჰკითხა უცხოელ ექიმს ადვოკატმა ხაჭაპურიძემ.

"ასე რომ იყოს, მაშინ ეს ვერ ახსნიდა წონის კლებას 12 მაისის შემდეგ, მას შემდეგ, რაც [სააკაშვილს] შიმშილობა დასრულებული ჰქონდა. ვგულისხმობ პერიოდს საავადმყოფოში შეყვანიდან 8 ნოემბრამდე, რა დროსაც მან სხეულის წონის 18% დაკარგა. ეს არის მძიმე კახექსიის ნიშანი", - თქვა ფინკელმა.

მისივე შეფასებით, დღევანდელი მდგომარეობით, სააკაშვილს უკვე დაკარგული აქვს წონის 47% და კლება გრძელდება. თუკი მას არ დაუსვამენ სწორ დიაგნოზს და არ უმკურნალებენ შესაბამისად, "ამან შეიძლება, მიგვიყვანოს სიკვდილამდე".

ადვოკატმა ექიმს სთხოვა, დაეზუსტებინა, იყო თუ არა მისი ეს პოზიცია კატეგორიული.

"დიახ, კატეგორიულიც არის და ძლიერიც!" - აღნიშნა ფინკელმა.

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მომდევნო სასამართლო განხილვა 17 იანვარს, 11 საათზე დაინიშნა.