თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები, უამინდობის მიუხედავად, შეუფერხებლად მუშაობენ, სრულდება ყველა დაგეგმილი რეისი, ინფორმაცია ამის შესახებ რადიო თავისუფლებამ აეროპორტების პრესსამსახურებიდან მიიღო.
თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო დღის სხვადასხვა მონაკვეთში გართულებულია გადაადგილება კახეთის გზატკეცილზე, რომელიც თბილისის ცენტრალურ ნაწილს აეროპორტთან აკავშირებს, თუმცა ამის მიუხედავად, ყველა დაგეგმილი ფრენა შესრულდა.
"დასავლეთ საქართველოში რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ყველა დაგეგმილი რეისის მიღება და გაშვება შეძლო. მათ შორის - ბათუმის აეროპორტის 2 რეისისაც. ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება ფრენების უსაფრთხო მიღება-გაშვებისთვის", - აცხადებენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში.
აეროპორტი პასუხობს მგზავრების პრეტენზიასაც, მოსაცდელ სივრცეებში სიცივისგან შექმნილ დისკომფორტზე - უამინდობისგან ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო აეროპორტი ავარიულ დენის წყაროზე მუშაობდა.
"ავარიული დენის წყარო არ არის გათვლილი 48-საათიან მუშაობაზე. რის გამოც ვერ ხერხდებოდა 30 ათას კვ. მეტრამდე ფართობის სრულად გათბობა. მგზავრებს ბოდიშს ვუხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. უკვე 1 საათია დენის ერთ-ერთი წყარო ჩაირთო და ტერმინალში ეტაპობრივად დათბა", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოში უამინდობაა. თოვისა და ყინვის გამო სპეციალური საბურავებისა და საავტომობილო გზის ტექნიკური მარილით დამუშავების გარეშე, მძღოლებს ტრანსპორტის მართვა უჭირთ.