კონგრესმენებმა ბაიდენს და შოლცს მოუწოდეს, უკრაინის დასახმარებლად ბრიტანეთს მიბაძონ

კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ მაკკოლი

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა და შეიარაღებული ძალების კომიტეტების თავმჯდომარეებმა, მაიკლ მაკკოლმა და მაიკ როჯერსმა აშშ-ის და გერმანიის მთავრობებს მოუწოდეს, უკრაინას სასწრაფოდ გადასცენ რუსეთზე გასამარჯვებლად საჭირო, კრიტიკულად მნიშვნელოვანი შეიარაღება.

გავლენიანი რესპუბლიკელი კონგრესმენები პრეზიდენტ ბაიდენის და კანცლერ შოლცის მთავრობებს მიმართავენ, რომ დროა, მიბაძონ მოკავშირეებს - დიდ ბრიტანეთს და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. კონგრესმენები მაკკოლი და როჯერსი აცხადებენ, რომ გერმანიამ და აშშ-მა უკრაინას დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ ტანკები Leopard 2, შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო კომპლექსები(ATACMS) და სხვა მაღალი სიზუსტის შეიარაღება.

ასევე ნახეთ დიდი ბრიტანეთი უკრაინას ტანკებს Challenger 2-ს გადასცემს

ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, აშშ ასრულებს მუშაობას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ, დაახლოებით 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტზე, რომელიც ამ კვირის ბოლომდე უნდა გამოქვეყნდეს.

ამასთან, როგორც CNN-ის, ისე გამოცემა Politico-ს წყაროთა ცნობით, დახმარების ახალ პაკეტში კვლავ არ იქნება შორ, დაახლოებით 300 კილომეტრის მანძილზე მოქმედი სარაკეტო კომპლექსები(ATACMS), რომლებსაც უკრაინა დიდი ხანია ითხოვს.

ასევე ნახეთ გერმანული Leopard 2-ები უკრაინაში გაგზავნის მოლოდინში

დასავლეთის სახელმწიფოთა ნაწილის ზეწოლის მიუხედავად, გერმანია ჯერჯერობით უარს ამბობს უკრაინისთვის გერმანული წარმოების ტანკების, Leopard 2-ის მიწოდებაზე.