რუსეთმა უკრაინას ისევ დრონებით შეუტია

დრონით დარტყმის საილუსტრაციო ფოტო

რუსეთის სამხედრო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს იერიში უკრაინის რამდენიმე ოლქზე. დნეპროპეტროვსკის საოლქო საბჭოს ცნობით, წუხანდელი შეტევისას ერთ-ერთი დრონი მოხვდა სამრეწველო ობიექტს. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.

თავდასხმის მოსაგერიებლად საჰაერო თავდაცვის სისტემები ამოქმედდა კიევის, ჩერკასკის, ნიკოლაევის და ხარკოვის ოლქებშიც. ნიკოლაევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის და ქალაქის მერის, ოლექსანდრ სენკევიჩის ინფორმაციით, ნიკოლაევის თავზე დაფიქსირებული იყო უპილოტო საფრენი აპარატების სამი ჯგუფი და სამი რუსული ბომბდამშენი ტუ-22. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.