გარდაიცვალა ორადურ-სურ-გლანში 1944 წელს ნაცისტური „ეს-ეს“-ის მიერ მოწყობილ ხოცვა-ჟლეტას გადარჩენილი ბოლო მოქალაქე

ორადურ-სურ-გლანი. 1944 წლის ივნისის ხოცვა-ჟლეტის მემორიალური ცენტრი.

97 წლისა გარდაიცვალა საფრანგეთში, ორადურ-სურ-გლანში 1944 წლის 10 ივნისს ნაცისტური „ეს-ეს“-ის სატანკო დივიზიის მიერ მოწყობილ ხოცვა-ჟლეტას გადარჩენილი ბოლო მოქალაქე, რობერ ებრასი.

ებრასის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საფრანგეთის „ხსოვნის ეროვნულმა კავშირმა“ გარდაცვლილის ოჯახის და სოფლის მეთაურის სახელით.

1944 წლის 10 ივნისს „ეს-ეს“-ის ერთ-ერთმა სატანკო დივიზიამ, რომელიც ცენტრალურ საფრანგეთში იყო განთავსებული, ფრანგი პარტიზანების წარმატებული ოპერაციების შემდეგ შურისძიების აქტის სახით გაანადგურა მთელი დასახლება, ორადურ-სურ-გლანი და მოკლა 643 ადამიანი, რაც უდიდესი რიცხვია დასავლეთ ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დროს ჩადენილ მსგავს დანაშაულებს შორის.

ებრასი 36-დან ერთ-ერთი გადარჩენილი იყო. ის შემდგომ წინააღმდეგობის მოძრაობას შეუერთდა. სოფელში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა საფრანგეთში ნაცისტური ომის დანაშაულის სიმბოლოდ იქცა. ნაცისტი დამნაშავეების ნაწილი ამოიცნეს და გაასამართლეს სხვადასხვა დროს. რობერ ებრასი, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა გერმანია-საფრანგეთის შერიგების საქმეში, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შარშან დააჯილდოვა საფრანგეთის სახელმწიფო ორდენით „დამსახურებისთვის“. ებრასი იყო ასევე გერმანიის სახელმწიფო ორდენის - „დამსახურებისთვის“ მფლობელი.