ვიზუალური არტისტის, ლევან სონღულაშვილის მიერ რუსეთ-უკრაინის ომის თემატიკაზე შექმნილი ტილო, Noli Me Tangere/„არ შემეხო", ორბელიანების სასახლეში რამდენიმე საათით გამოიფინა. ნამუშევარი დაათვალიერა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
ორბელიანების სასახლე. ლევან სონღულაშვილის ტილო Noli Me Tangere/„არ შემეხო".
პრეზიდენტის ადმინისტრაცის განცხადებით, ექსპოზიციის დათვალიერებას ნებისმიერი მსურველი რამდენიმე საათის განმავლობაში შეძლებს (23 თებერვლის, 21:00 საათიდან, 24 თებერვლის 03:00 საათამდე).
უკრაინის დროშის ფერებში განათდა ორბელიანების სასახლე.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლის შესასვლელთან.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა.
- რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
- პრეზიდენტმა პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
- უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
- უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგობის შედეგად, 2022 წლის მარტში რუსეთის სამხედრო ძალებმა დატოვეს კიევის შემოგარენი და მთავარ ამოცანად გამოაცხადეს დონეცკის და ლუგანსკის "მთლიანად გათავისუფლება".
- 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
- უკრაინას ძლიერ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას უწევს დასავლეთის სახელმწიფოთა მიერ შექმნილი კოალიცია.