ესებუას დამატებით ბრალზე სასამართლო მომავალ კვირაში იმსჯელებს

ბადრი ესებუა სასამართლო პროცესზე

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ ბადრი ესებუას დამატებით ბრალზე წინასასამართლო სხდომა გამართა.

მოსამართლე ეკატერინე ბებიამ დასაშვებად ცნო პროკურატურის მიერ წარდენილი ყველა მტკიცებულება და ჩანიშნა საქმის არსებითი განხილვის თარიღი. სხდომა 4 აპრილს, 14:30 საათზე გაიმართება.

"საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ ბადრი ესებუას 9 თებერვალს პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალი, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა და შენახვის მუხლით წარუდგინა.

ამ წუთებში კი სასამართლოში გრძელდება სხდომა, “საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს მომხდარ თავდასხმის საქმეზე.

2-წლიანი ძებნის შემდეგ ბადრი ესებუას დაკავება შსს-მ 8 თებერვალს, დილით დაადასტურა. იგი ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ნათესავის სახლში დააკავეს. ბადრი ესებუა ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებითაა დაკავებული.