რუსეთი სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტის აკრძალვას აანონსებს.
რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა, „როსელხოზნადზორმა“ თავდაპირველად 28 მარტს განაცხადა, რომ სომხური რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები იყენებენ „ირანული წარმოების რძესა და სხვა ნედლეულს, რაც რუსეთში აკრძალულია“.
უწყების განცხადებით, რუსეთი სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტით რისკავს რუსულ ბაზარზე „დაბალი ხარისხისა და საფრთხის შემცველი პროდუქტების“ შეტანას სომხეთში მწარმოებელ კომპანიებზე სახელმწიფოს „არასაკმარისი ზედამხედველობის“ გათვალისწინებით.
„როსელხოზნადზორის“ 31 მარტით დათარიღებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ სომხეთის სურსათის უვნებლობის ინსპექციასთან მოლაპარაკებები „არადამაკმაყოფილებელი შედეგებით“ დასრულდა.
რუსეთის მარეგულირებლის ცნობით, ამის შემდეგ უწყებამ მიმართა სომხეთის სახელმწიფო მარეგულირებელს რუსეთში რძის პროდუქტების ექსპორტის შეჩერების მოთხოვნით. შეზღუდვა 5 აპრილიდან ამოქმედდება.
სურსათის უვნებლობის ინსპექციის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს 29 მარტს განუცხადა, რომ „როსელხოზნადზორის“ ინსპექციას „არანაირი პრობლემა არ გამოუვლენია“.
რაც შეეხება 31 მარტის გადაწყვეტილებას, - სომხეთის მთავრობას ამ ნაბიჯის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობითვე, რძის პროდუქტები სომხეთის რუსეთში ექსპორტის მხოლოდ მცირე ნაწილია და რუსული ბაზარი გაცილებით მნიშვნელოვანია ხილის, ბოსტნეულისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტიორებისათვის.
2022 წელს, დასავლეთის სანქციების ფონზე, სომხეთიდან რუსეთში ექსპორტი გასამმაგდა და 2.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამის ფონზე, სომხეთის ეკონომიკა გასულ წელს 12.6%-ით გაიზარდა.
ეკონომიკური თანამშრომლობის ზრდის მიუხედავად, რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები ბოლო პერიოდში დაძაბულია.
- სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ერთი კვირის წინ მწვანე შუქი აუნთო რომის წესდების რატიფიცირებას. რატიფიცირების შემთხვევაში, სომხეთი შეუერთდება ჰააგის სასამართლოს, რომელმაც რამდენიმე დღით ადრე ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
- ერევანი შეშფოთებულია 2022 წლის შემოდგომაზე, სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე აზერბაიჯანის თავდასხმის მიუხედავად, რუსეთის უარით, მის გარშემო შეკრული ალიანსის, „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“, პროცესში ჩართვაზე.
- პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სომხეთში ОДКБ-ს წვრთნების ჩატარებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს;
- სომხეთში შესვლა აეკრძალათ რუსეთის პროპაგანდისტული ტელეარხის, Russia Today-ს მთავარ რედაქტორს, მარგარიტა სიმონიანსა და Ньюс Медиа ჰოლდინგის დამფუძნებელს, არამ გაბრელიანოვს.