რიკოთი სატვირთო მანქანებისთვის დღეს, ხოლო მსუბუქი ტრანსპორტისთვის 13 აპრილიდან გაიხსნება

რიკოთის უღელტეხილი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, რიკოთი სატვირთო მანქანებისთვის დღეს, ხოლო მსუბუქი ტრანსპორტისთვის ხვალიდან, 13 აპრილიდან, გაიხსნება.

უწყების ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კილომეტრთან, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე, დღის მეორე ნახევარში ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძ ზესტაფონის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგება მხოლოდ სატვირთო ავტოტრანსპორტისათვის.

13 აპრილის 07:00 საათიდან რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა სპეციალური რეჟიმით განახლდება, კერძოდ:

  • 07:00 საათიდან 19:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კმ-დან (ახალსოფლის კვანძი) 194-ე კმ-მდე (ზესტაფონი) გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის;
  • 21:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე ამავე მონაკვეთზე გადაადგილდებიან მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები. სატვირთო ავტომანქანები გადაადგილდებიან პატრულის მკაცრი ზედამხედველობით, ინტერვალებით, გაუჩერებლად და რევერსულად ანუ ცალმხრივად, მიმართულების შეცვლით.

რიკოთის უღელტეხილი გახსნიდან რამდენიმე დღეში ისევ ჩაიკეტა მას შემდეგ, რაც 11 აპრილს გზაზე მთის ფერდი ჩამოიშალა. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განცხადებაში დაწერა, რომ "მცირე ქვათაცვენის" გამო, ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძ ზესტაფონის მონაკვეთზე [კმ 114-კმ 194 მონაკვეთზე] ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

სავალი ნაწილის გაწმენდამდე, მსუბუქი ავტოტრანსპორტი, ალტერნატივის სახით, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით მოძრაობს.