გერმანია შეუძლებლად მიიჩნევს ნატოში უკრაინის მიღების საკითხის განხილვას რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის დასრულებამდე. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა 20 აპრილს, საღამოს განაცხადა ტელეკომპანია ZDF-თან ინტერვიუში.
პისტორიუსის თქმით, უკრაინისთვის ნატოს კარი ოდნავ გაიღო, მაგრამ დღეს არ არის წევრობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დრო. გერმანიის თავდაცვის მინისტრის თანახმად, ჯერ საჭიროა რუსეთის თავდასხმის მოგერიება და ამის შემდეგ საკითხის კარგად გააზრება.
როგორც ბორის პისტორიუსმა თქვა, ნატოში უკრაინის მიღების საკითხი უნდა გადაწყდეს ცივი გონებით და მხურვალე გულით და არა პირიქით.
ასევე ნახეთ
"უკრაინის მომავალი ნატოშია" - იენს სტოლტენბერგი20 აპრილს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად, კიევში ჩავიდა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, რომელიც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინის ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახსა და ნატოშია და დროთა განმავლობაში, ეს შესაძლებელი გახდება. გენერალური მდივნის ინფორმაციით, ნატოს წევრობისკენ უკრაინის გზაზე საუბარი იქნება ივლისში, ვილნიუსში დაგეგმილ სამიტზე, რომელზეც მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტიც.
გასულ ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ნატოს წევრობის განაცხადი დაკმაყოფილდეს და თუ ვილნიუსის სამიტზე უკრაინა არ მიიღებს ნატოში "დამსახურებულ პოლიტიკურ მიწვევას", ალიანსის ლიდერებს ვერ გაუგებს ვერც უკრაინელების და ვერც ნატოს სივრცეში მცხოვრებთა უმრავლესობა.
კიევმა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან დაახლოებით ნახევარი წლის შემდეგ, 2022 წლის სექტემბერში, წარადგინა ნატოს წევრობის ოფიციალური განაცხადი.
ასევე ნახეთ
FT: აშშ ეწინააღმდეგება უკრაინისთვის ნატოს წევრობის "საგზაო რუკის" შეთავაზებას- ნატომ 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრები გახდებიან.
- უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, 2021 წლის დეკემბერში, რუსეთმა აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვა უსაფრთხოების გარანტიები. მათ შორის აღმოსავლეთით ნატოს გაფართოების შეწყვეტა და უარი ალიანსში უკრაინისა და საქართველოს მიღებაზე.
- 2022 წლის იანვარში, ნატომ და აშშ-მა რუსეთის ამ მოთხოვნას უარით უპასუხეს.
- 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა.