ზუგდიდში გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით აქცია იმართება

აქცია ზუგდიდში

ზუგდიდის ბაზარში დასაქმებულები გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით აქციას მართავენ. პროტესტის ნიშნად მათ ბაზრის შესასვლელი ჩაკეტეს და გზის გადაკეტვაც სცადეს - პოლიციამ ამის უფლება არ მისცა.

აქცია ზუგდიდში

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გარემოვაჭრეები ყიდიან ყველაფერს, ამიტომ მყიდველი ბაზარში აღარ შედის. მათივე თქმით, შემცირებული შემოსავლის პირობებში, გარემოვაჭრეებისგან განსხვავებით, მათ უწევთ ბაზარში დაწესებული გადასახადების გადახდაც.

აქცია ზუგდიდში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ინფორმირებული არიან ამ პრობლემის შესახებ და მუშაობენ მის გადაწყვეტაზე.

"ვმუშაობთ ისე, რომ ორივე მხარის ინტერესი იყოს გათვალისწინებული და ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნეს მიღებული და ალტერნატივა იყოს შეთავაზებული. ამ ეტაპზე სხვა დამატებითს ვერაფერს გეტყვით”, - განაცხადეს მერიაში.

გარევაჭრობა ზუგდიდში

გარევაჭრობის აკრძალვას წლების განმავლობაში ცდილობდნენ ზუგდიდში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, თუმცა ყოველი პროტესტის შემდეგ ისინი მოვაჭრეებს ისევ აძლევდნენ მუშაობის გაგრძელების უფლებას.