რუსეთი, სავარაუდოდ, მაისში განაახლებს თავისი რეზერვებისთვის უცხოური ვალუტის შესყიდვას. ეს ხდება ნავთობის შემოსავლების ზრდის შედეგად სახელმწიფო ფინანსების სტაბილიზაციის ფონზე. ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება.
სააგენტოს ცნობით, ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრომ შესაძლოა მიმდინარე კვირაში გამოაცხადოს. საწყისი შესყიდვის მოცულობა შეიძლება იყოს თვეში დაახლოებით ორასი მილიონი დოლარის ეკვივალენტი იუანებში. Bloomberg-ის თანახმად, ჩინური ვალუტა არის მთავარი აქტივი, რომელიც რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია გამოიყენოს თავისი კეთილდღეობის ფონდისთვის საჭირო ტრანსაქციების ჩასატარებლად. ფონდის მოცულობა 154 მილიარდ დოლარად ფასდება.
უცხოური ვალუტის შესყიდვების განახლება ხაზს უსვამს რუსეთის უნარს, შეინარჩუნოს ნავთობდოლარების ნაკადი სანქციებისა და ნავთობის ფასის ზღვრების პირობებში, რაც დასავლეთის ქვეყნებმა დაუწესეს რუსეთს, აღნიშნავს სააგენტო. მიუხედავად სამხედრო ხარჯების გამო დაძაბული სიტუაციისა და ჯერ კიდევ უკიდურესად მაღალი დეფიციტისა, ხდება რუსეთის ბიუჯეტის სტაბილიზება, აცხადებენ სააგენტოში.
„უცხოური ვალუტის შესყიდვების მოცულობა თავდაპირველად იქნება მცირე, მაგრამ უკიდურესად სიმბოლური, რადგან ის ნათელყოფს, რომ რუსეთი, ნაცვლად იმისა, რომ შთანთქას თავისი რეზერვები, ზრდის მათ“, მოჰყავს Bloomberg-ს რუსი ეკონომისტის, ალექსანდრ ისაკოვის სიტყვები. გარდა ამისა, რეზერვების დაგროვებამ, ექსპერტების აზრით, შესაძლოა დადებითი გავლენა იქონიოს რუბლზე.
იანვარში რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა, თითქმის ერთწლიანი შესვენების შემდეგ, გადაწყვიტა, განაახლოს უცხოური ვალუტით ოპერაციები საბიუჯეტო წესის ფარგლებში. საუბარია უცხოური ვალუტის შესყიდვაზე ნავთობითა და გაზით მიღებული შედარებით მაღალი შემოსავლების პირობებში და ვალუტის გაყიდვაზე დაბალი შემოსავლებისას. ახლა ასეთი ოპერაციები ტარდება არა "არამეგობრული ქვეყნების" ვალუტით, - დოლარით და ევროთი, - არამედ ჩინური იუანით. თავის მხრივ, ეს საშუალებას იძლევა, დოლართან და ევროსთან რუბლის თანაფარდობა შეიცვალოს ჯვარედინი განაკვეთების საშუალებით. წლის დასაწყისში ფინანსთა სამინისტრომ გაზარდა იუანის გაყიდვები რუსული ნავთობის ღირებულების შემცირების გამო, მას შემდეგ, რაც ბარელზე ზღვრულ ფასად 60 დოლარი დაწესდა.
2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა გაყინეს რუსეთის ოქროსა და ვალუტის რეზერვების თითქმის ნახევარი: 300 მილიარდი დოლარი 640 მილიარდიდან.
ასევე ნახეთ საქართველოდან სომხეთში და უკან, შემდეგ კი რუსეთისკენ - სანქციების თავიდან არიდების გზა?