სამეგრელოში მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით მამა და მეზობელი დააკავეს

საილუსტრაციო ფოტო

სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მოზარდ გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით მამა და მეზობელი დააკავეს. ორი პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გამოძიების ვერსიით, დაკავებული მამა არასრულწლოვან შვილთან მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა სქესობრივ კავშირს, ხოლო ფაქტის გახმაურების შემთხვევაში, მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. არასრულწლოვანს მამის მუქარის სჯეროდა, რის გამოც მომხდარს წლების განმავლობაში მალავდა.

შსს-ს ცნობითვე, არასრულწლოვან გოგოსთან სქესობრივ კავშირს სისტემატურად ამყარებდა 28 წლის მეზობელი.

საქმეზე გამოძიება დაიწყო წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურების და წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ფაქტებზე, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 11 პრიმა 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით.

დანაშაულები 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.