ბაღდათის მუნიციპალიტეტში სკოლის დირექტორის ქმარს თავდასხმაში ადანაშაულებენ

შემთხვევის ადგილი

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ როხში, გზაზე მიმავალ მანქანას უკანა საქარე მინა ჩაუმსხვრიეს. ამ დროს მძღოლი ცოლთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად იჯდა მანქანაში. დაზარალებული გოგიტა სანიკიძე ამ შემთხვევას სკოლის დირექტორთან მანამდე არსებულ უთანხმოებას უკავშირებს.

"არაერთხელ დაგვემუქრნენ, იყო ფიზიკური ძალადობის მცდელობაც. ვერიდებოდი, არ მინდოდა სიტუაციის გამწვავება. ბოლოს და ბოლოს დაიჭირა მომენტი, აიღო ქვა და მანქანის იმ მხარეს ისროლა, სადაც პატარა ბავშვი იჯდა, ფაქტობრივად ბავშვს ურტყამდა თავში... [სკოლაში] ჩემი შვილი დააბულინგა მისმა მეუღლემ და ამით დაიწყო კონფლიქტი... მინდა ვკითხო სამართალდამცავებს, მკვლელობა უნდა მოხდეს, რომ შესაბამისი ზომები მიიღონ?!" - ამბობს გოგიტა სანიკიძე. იგი აღნიშნავს, რომ მის მანქანას ქვები სკოლის დირექტორის ქმარმა ესროლა.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა სოფელ როხის საჯარო სკოლის დირექტორ თამარ ლომინაძეს, მან თემაზე საუბარი არ ისურვა და ტელეფონი გათიშა. სატელეფონო ზარებს არ უპასუხა საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნინო მშვილდაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

2022 წლის ივნისში ადვოკატმა ლევან ჭელიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, როხის საჯარო სკოლის დირექტორმა თამარ ლომინაძემ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საბჭოს წევრ მოსწავლეს, რის გამოც 16 წლის გოგომ თვითდაზიანებები მიიყენა.